Accentnews.ge
ევროპარლამენტარები სანქციების დაწესებას მოითხოვენ რუსი რაკეტმწარმოებლის მიმართ, რომლის ოჯახიც ჩეხეთში ცხოვრობს

ევროპარლამენტარები სანქციების დაწესებას მოითხოვენ რუსი რაკეტმწარმოებლის მიმართ, რომლის ოჯახიც ჩეხეთში ცხოვრობს

28/07/2023 13:46:30 მსოფლიო

თხუთმეტმა ევროპარლამენტარმა ევროკომისიას, ევროპის საბჭოსა და საგარეო საქმეთა საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს მიმართა რუსული ჰოლდინგის, "ტაქტიკური სარაკეტო იარაღის", ხელმძღვანელის, ბორის ობნოსოვისა და მისი ოჯახის წევრების წინააღმდეგ სანქციების დაწესების მოთხოვნით.

ინიციატივის ავტორის, პეტარ ტანევის თქმით, მიმართვის მიზეზი გახდა ნავალნის თანამოაზრეების მიერ ჩატარებული გამოძიება პრაღაში ობნოსოვების ოჯახის კუთვნილი მდიდრული უძრავი ქონების შესახებ. ტანევის თანახმად, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ფონდი აქტიურად ლობირებდა რუსეთის ფედერაციის მთავარი რაკეტმშენებლის ოჯახის წევრების სანქცირებას, მაგრამ ევროკავშირი არ ჩქარობდა სანქციების სიაში მათ შეყვანას.

"პროცესის დაჩქარების მიზნით, ევროპარლამენტარებმა შეიმუშავეს ეს მოთხოვნა, ისინი ვალდებულნი არიან, განიხილონ რაც შეიძლება მალე", - აღნიშნა ტანევმა.

ევროპარლამენტარები თავიანთ მიმართვაში ევროკომისიას, ევროპის საბჭოს და ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო საქმეთა საკითხებში სთხოვენ, სანქციების რეესტრში შეიყვანონ ბორის ობნოსოვი და მისი ოჯახის წევრები, მათ შორის მისი ქალიშვილი ოლგა ზორიკოვა და სიძე როსტისლავ ზორიკოვი.

მანამდე ჩეხეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ვიტ რაუშანმა განაცხადა, რომ ის ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრ იან ლიპავსკისთან ერთად განიხილავს ეროვნული სანქციების სიაში პრაღაში მცხოვრები როსტისლავ ზორიკოვის ჩართვის შესაძლებლობას.

ნავალნის გუნდმა "რუსეთის ტაქტიკური სარაკეტო იარაღის" კორპორაციის ხელმძღვანელის სიძეს პრაღაში მდიდრული პენტჰაუსი უპოვა. "ასეთი ბინა თითქმის 26 მილიონი ჩეხური კრონი, დაახლოებით მილიონი ევრო ღირს", - აცხადებენ გამომძიებლები. კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ფონდის თანახმად, როსტისლავ ზორიკოვი ჩეხეთში ფლობს ასევე კომერციულ უძრავ ქონებას. პრაღის ცენტრში მდებარე სახლი, რომლის ღირებულება დაახლოებით ექვსი მილიონი ევრო შეიძლება იყოს, ზორიკოვის კომპანიამ იქირავა. გარდა ამისა, ზორიკოვის ოჯახი ფლობს მდიდრულ მანქანებს რუსეთსა და ევროპაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S