რუს ტაქსის მძღოლს „როსგვარდიის“ შენობის დაწვის საქმეზე სასამართლომ 18 წლით პატიმრობა მიუსაჯა
28/07/2023 13:40:36 მსოფლიო
რუსეთის ხაბაროვსკის ოლქის სამხედრო სასამართლომ ქალაქ ამურის-კომსომოლსკიში მცხოვრებ ტაქსის მძღოლ ვლადიმირ ზოლოტარიოვს 18 წელი მიუსაჯა „როსგვარდიის“ შენობის დაწვისთვის. მსჯავრდადებული სასჯელის პირველ ხუთ წელს ციხეში გაატარებს.
განაჩენის თანახმად, ზოლოტარიოვი დამნაშავედ ცნეს ტერაქტის მომზადებისა და ხელისუფლების წარმომადგენლის მიმართ „არა სიცოცხლისათვის საშიში“ ძალადობისთვის.
2022 წლის 3 ივნისს ვლადიმირ ზოლოტარიოვმა ბენზინი გადაასხა და ცეცხლი წაუკიდა რუსეთის გვარდიის შტაბს ამურის-კომსომოლსკში. სასამართლო პროცესზე განსასჯელმა თქვა, რომ სპეციალურად შეამოწმა, იყო თუ არა კარი დახურული, რათა „ზიანი არავის მისდგომოდა".
ზოლოტარიოვმა აღნიშნა, რომ ამ ქმედებით მას, პირველ რიგში, საკუთარი „სინდისის გათავისუფლება“ და ხალხის ყურადღების მიპყრობა სურდა. „მინდოდა იმის ჩვენება, რომ არიან ისეთებიც, რომლებიც რაღაცას არ ეთანხმებიან. მაგრამ როგორ შეიძლება რუსეთში რაიმე ისე გააპროტესტო, რომ ციხეში არ მოხვდე, ეს არ ვიცი“, - განაცხადა ზოლოტარიოვმა.
„მედიაზონის“ ცნობით, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან, რუსეთის ფედერაციის სამხედრო კომისარიატებისა და სხვა უწყებების ოფისებს, სულ მცირე, 113-ჯერ წაუკიდეს ცეცხლი.


