
"საქართველო არა უსაფრთხო ხდება ჩვენი ბიჭებისთვის": რუსეთში ქართველ სამხედროებს ბრალი დაუსწრებლად წარუდგინეს
28/07/2023 11:53:26 საზოგადოება
რუსულმა საგამოძიებო კომიტეტმა უკრაინაში მებრძოლი ქართული ლეგიონის 70-მდე წევრი დაუსწრებლად მისცა პასუხისგებაში რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლისთვის. ამის შესახებ რუსული სახელმწიფო სააგენტო TASS იუწყება საგამოძიებო კომიტეტზე დაყრდნობით.
სისხლის სამართლის საქმეა აღძრული ლეგიონის ხელმძღვანელის მამუკა მამულაშვილის წინააღმდეგაც.
"დადგინდა, რომ 2014 წელს, მამულაშვილმა შექმნა ქართული ლეგიონი და წევრები საქართველოდან აიყვანა, რათა დონეცკის სახალხო რესპუბლიკის მთავრობის წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებებში მიეღოთ მონაწილეობა", - აცხადებენ რუსეთის საგამოძიებო კომიტეტში.
მამუკა მამულაშვილი შიშობს, რომ საქართველო აღარ იქნება უსაფრთხო უკრაინაში მებრძოლი ქართველი სამხედროებისთვის.
„რუსეთში ჩემს წინააღმდეგ 8 საქმეა აღძრული. რუსეთი ასე ეწევა დაშინების პოლიტიკას, თუ შეიძლება, ამას დაშინება ეწოდოს. არ გვაღელვებს, რუსეთი რა გადაწყვეტილებებს მიიღებს. ვიცით, რომ ვაკეთებთ სწორ საქმეს, ვიცით, რომ ვემსახურებით საქართველოს ინტერესებს“,– თქვა თემის კომენტირებისას მამუკა მამულაშვილმა და დასძინა, "აქ საშიშროება ისაა, რომ საქართველოს ხელისუფლება არის მჭიდრო თანამშრომლობაში და საფრთხე არ შეექმნათ ბიჭებს, რომლებიც საქართველოში ჩამოდიან ოჯახებთან და დასასვენებლად. საფრთხეა ის, რომ ბიჭები რუსეთთან თანამშრომლობის ფარგლებში არ გადასძენ ან რაიმე პროვოკაცია არ მოხდეს. ქართველი მებრძოლები არ ჩადიან რუსეთის მოკავშირე ქვეყნებში. მაგალითად, ბელარუსში არ მოხდება მათი დაკავება. აი, საქართველო არა უსაფრთხო ხდება ჩვენი ბიჭებისთვის".
მისივე თქმით, ვინაიდან უკრაინაში მებრძოლ უცხოელებს შორის ყველაზე დიდი წილი სწორედ ქართველებზე მოდის, რუსეთის მხრიდან აქცენტირება გასაგებია:
„ძალიან ბევრი ქართველია, ამიტომ გვებრძვის რუსეთი. ეს არის ომის ნაწილი და ამდაგვარადაც ვიღებთ“.
29 ივნისს, რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა 33 ქვეყნის 160 მოქალაქის წინააღმდეგ აღძრა სამართლის საქმე, მათ შორის არიან ქართველი სამხედროები.