
ბათუმში რუსებისთვის ღონისძიების ორგანიზება შესაძლოა, სამართლებრივ დავაში გადაიზარდოს
28/07/2023 11:37:50 ეკონომიკა, საზოგადოება
ბათუმში რუსეთის მოქალაქეებისთვის უძრავი ქონების გამოფენის ორგანიზება შესაძლოა, სამართლებრივ დავაში გადაიყენოს. მინიმუმ სამი კომპანია აცხადებს, რომ მათი ლოგი და სახელი ნებართვის გარეშე იქნა გამოყენებული, რაც კანონდარღვევას წარმოადგენს და შესაძლოა, თაღლითობადაც დაკვალიფიცირდეს.
საქმე იმაშია, რომ 29-30 ივლისს ბათუმში რუსებისთვის უძრავი ქონების გამოფენა-გაყიდვა ჩატარდება, რათა მათ უძრავი ქონების ხელსაყრელ ფასად შეძენა გაუმარტივონ. ინფორმაცია ღონისძიების ორგანიზატორის People - Real Estate-ის ვებგვერდზეა განთავსებული. თავდაპირველ ინფორმაციაში ეწერა, რომ ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებდნენ სამშენებლო კომპანიები: "არქი", "გუმბათი ჯგუფი", "მეტრო სითი ბათუმი", "ტერასა ჯგუფი", "დრიმლენდ ოაზის ჩაქვი", "გრინ კაფე ბათუმი" და სხვა.
"კომპანია ტერასა ჯგუფი სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ არ მონაწილეობს PEOPLE-REAL ESTATE-ის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში. კომპანიის სახელი და ლოგო უნებართვოდ იქნა გამოყენებული. კომპანიის ნებართვის გარეშე სახელისა და ლოგოს გამოყენება არის კანონდარღვევა, რასთან დაკავშირებითაც მიღებული იქნება შესაბამისი ზომები!"- აცხადებენ კომპანიაში.
ანალოგიური განცხადება გააკეთა სამშენებლო-დეველოპერული კომპანია „გუმბათმაც“:
"მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, კომპანია საჭიროდ მიიჩნევს, საჯაროდ დააფიქსიროს თავისი პოზიცია PEOPLE-REAL ESTATE-ის მიერ ორგანიზებულ გამოფენასთან დაკავშირებით.
ვადასტურებთ, რომ შემოთავაზება ნამდვილად გვქონდა, თუმცა, ღონისძიებაში მონაწილეობაზე მაშინვე უარი განვაცხადეთ.
კომპანიის სახელი და ლოგო უნებართვოდ იქნა გამოყენებული." - წერს გუმბათი ჯგუფი.
კომპანია „არქის“ გენერალურმა დირექტორმა შიო ხეცურიანმაც განაცხადა, რომ ღონისძიებაში მონაწილეობაზე უარი განაცხადეს, თუმცა კომპანიის ლოგო უნებართვოდ იქნა გამოყენებული.
"ყველას ვთხოვთ, ჩვენი ნებართვის გარეშე ნუ იყენებენ ჩვენი ბრენდის სახელს, ნუ იყენებენ ჩვენს ლოგოს. ჩვენ რა თქმა უნდა, იმ შემთხვევაში, თუ გაგრძელდება ჩვენი ლოგოს თავისი პირადი მიზნებისთვის გამოყენება, ჩვენს უფლებებს სამართლებრივად აუცილებლად დავიცავთ.
ამ ღონისძიების ორგანიზატორებმა მოგვმართეს, ჩვენგან მიიღეს უარი და ეს იყო გარკვეული პერიოდის წინ. შესაბამისად, ჩვენთვის აბსოლუტურად მოულოდნელი იყო მათ საიტზე თუ სოციალურ ქსელში ჩვენი ლოგოს გამოყენება"- აცხადებს ხეცურიანი.
სარეკლამო კამპანიის სახე რუსეთში მცხოვრები მომღერალი ირაკლი ფირცხალავაა. ფირცხალავა ასევე ვიდეომიმართვასაც ავრცელებს და აღნიშნავს, რომ გამოფენა-გაყიდვის შემდეგ, მისი კონცერტიც გაიმართება.
პარალელურად ბათუმში საპროტესტო აქციისთვის ემზადებიან.
განახლება
ბათუმში რუსებისთვის დაგეგმილი უძრავი ქონების გამოფენა-გაყიდვის შესახებ ინფორმაცია აღარ იძებნება. ის სავარაუდოდ, გაუქმდა.