
„გაკვეთილი ვერ ისაწავლა!“: როგორ აღიქვეს კობახიძის განცხადება საზოგადოებაში
28/07/2023 09:03:32 პოლიტიკა, საზოგადოება
საქართველოს მმართველი პარტიის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომელმაც ბათუმის პროტესტს „ქაჯობა“ უწოდა, სხვადასხვა პროფესიის ადამიანებში აღშფოთება გამოწვია.
ინფორმაციისთვის: სოჭიდან წამოსულმა საკრუიზო ლაინერმა Astoria Grande, ბათუმის პორტი ხმაურისა და პროტესტის ფონზე დატოვა. აქციის მონაწილეებმა აფხაზეთისა და აგვისტოს ომის ამსახველი ფოტომასალა მიიტანეს და საქართველოს და უკრაინის ჰიმნები შეასრულეს. პროტესტანტები სკანდირებდნენ: „აფხაზეთი საქართველოა“, „რუსეთი ოკუპანტია“, "დატოვეთ ჩვენი ქვეყანა". აქციაზე ხმაური მოჰყვა გემიდან რუსეთის დროშის გადმოფენას, ბორტზე მყოფების მხრიდან შეურაცხმყოფელ ჟესტიკულაციებს. პროტესტს კი წინ უძღოდა რამდენიმე ტურისტის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი უპატივცემულობის გამოხატვა. აქციის დაწყებიდან ერთი საათის შემდეგ ლაინერმა ბათუმის პორტი დატოვა.
ამ პროტესტს უწოდა ირაკლი კობახიძემ „ქაჯობა“ და დასძინა, რომ „ამ ქაჯობამ ქვეყანას ძალიან მძიმე შედეგები მოუტანა სხვადასხვა დროს, ეს იყო 90-იანი წლების დასაწყისი, ეს იყო შედარებით გვიანდელი პერიოდი, ეს იყო 2004-2012 წლები, მათ შორის, 2008 წელი".
ისტორიკოსი იულიონ გაგოშიძე:
„არც სინდისი აქვთ, არც სირცხვილის გრძნობა არ გააჩნიათ, ერთადერთი, საკუთარ ჯიბეზე ფიქრობენ, რომ საქართველო ბოლომდე გაანადგურონ – დაცალონ ქვეყანა ქართველებისგან. სირცხვილი! მართლაც რომ ქაჯი სჩადის ამ საქმეს“.
მხატვარი გია ბუღაძე:
„ქაჯებს უწოდებს იმ ადამიანებს, რომლებიც საკუთარი ქვეყნის ღირსებას და ინტერესებს იცავენ. ეს იმას ნიშნავს, რომ ქაჯობის მიღმა დგას პირდაპირი გაგებით რუსული გეგმა. ეს ღალატია. უნდა გაამხნევოს ქართველი პატრიოტები ამ ქაჯის გამოსვლამ. აქტივობაა საჭირო. არ უნდა მივცეთ უფლება, დაგვინგრიონ სახელმწიფო“.
ყოფილი ელჩი უზბეკეთსა და ტაჯიკეთში გიგი კუბლაშვილი:
„ესენი უკვე ყველანაირ ზღვარს სცილდებიან. ათიათასობით გმირი დაიღუპა ამ 30 წლის მანძილზე, რაც საქართველო დამოუკიდებელია. საქართველოს მოსახლეობის გადამწყვეტი უმრავლესობა, „ქართული ოცნების“ ლიდერების აზრით, ქაჯია. ამაზე რისი თქმა შეიძლება?! ყველანაირ ზღვარს გასცდნენ“.
ისტორიკოსი ბეჟან ჯავახია:
„ხელისუფლების რეაქცია სამარცხვინოა! ისინი ბოლშევიკური რეჟიმის მემკვიდრეები არიან. ისინიც გვეუბებოდნენ, "მშვიდობა იქნებაო" და ეს მშვიდობა იყო ჩვენი რუსეთისადმი დამორჩილება, დამონება, თავისუფლების დაკარგვა. ხომ ამბობენ, "მშვიდობის გამო ვართ რუსეთთან თბილადო", მაგრამ რა მოსთხოვეს რუსებს სანაცვლოდ იმისა, რომ პირდაპირი ფრენები, ეკნომიკური სანქციები დაუთმეს, მიწები მისცეს... მათ ლტოლვილთა დაბრუნებაც ვერ მოითხოვეს, რომელსაც საერთაშორისო ორგანიზაციები ითხოენ. გუშინ სოხუმის აეროპორტი გადაეცა რუსებს და აქ პროტესტი არ ყოფილა!“.
დიპლომატი გიორგი ბადრიძე:
„ვინც 2008 წელს და მის შემდეგაც ეჭვებს გამოთქვამდა იმაზე, შეიძლებოდა თუ არა ამ ომის თავიდან აცილება, დღეს ხედავს, რომ რუსეთი მოქმედებს თავისი იმპერიული ინსტინქტით და კონკრეტული გეგმით საბჭოური, რუსული იმპერიის აღდგენის. ვისაც ამის დანახვა არ უნდა, მას პოლიტიკაში, მით უფრო, ქვეყნის ხელისუფლებაში არაფერი ესაქმება“.
პოლიტოლოგი ნიკა ჩიტაძე:
„სამწუხაროა, როდესაც მმართველი პარტიის წარმომადგენელი გამოდის და "ქაჯებს" უწოდებს იმ ადამიანებს, რომლებიც არიან საზოგადოების მოღვაწეები და რომლებიც იცავენ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, აპროტესტებენ ოკუპანტი ქვეყნის საკრუიზო გემის საქართველოში შემოსვლას. მით უმეტეს, საკრუიზო გემის, რომლის გემბანზეც გამოფენილი იყო აგრესორი, ოკუპანტი ქვეყნის დროშა. ასევე, სამწუხაროა, რომ გემის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა თქვა - "ჩვენ გავათავისუფლეთ აფხაზეთი თქვენგანო". ჩამოდიან ქართულ მიწაზე კიდევ პრეტენზიებით და ასეთ დროს სამწუხაროა, რომ მმართველი პარტია ემიჯნება გემის შემოსვლას, თუმცა, აქ ექსტრაორდინარული, ალბათ, არაფერია იმის გათვალისწინებით, რომ უკვე რამდენიმე თვითმფრინავი ჩამოფრინდა და დაჯდა საქართველოს სხვადასხვა ქალაქის აეროპორტში რუსეთიდან. ბუნებრივია, უკვე შემოდიან გემები. არ გამიკვირდება, თუ ხელისუფლება დაიწყებს მოლაპარაკებას აფხაზეთსა და დანარჩენ საქართველოს შორის დამაკავშირებელი რკინიგზის აღდგენასთან დაკავშირებით. იმედია, ეს არ მოხდება, მაგრამ ხელისუფლება ცეცხლზე ნავთს "ასხამს" ისევ. ალბათ, ვერ ისწავლა გაკვეთილი იქიდან, რაც მმართველმა პარტიამ მიმდინარე წლის 8-9 მარტის მოვლენებზე მიიღო“, - განაცხადა ნიკა ჩიტაძემ.
საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში აცხადებენ, რომ გემი პალაუს დროშის ქვეშ მოძრაობს, რომელსაც თურქული საკრუიზო კომპანია Miray Cruises International ემსახურება. საქართველოს ხელისუფლებამ ასევე აღნიშნა, რომ ლაინერის ჩამოსვლა კომერციულ ხასიათს ატარებდა. ის რეგისტრირებულია სეიშელის კუნძულებზე და არ ექვემდებარება საერთაშორისო სანქციებს.
თვის ბოლოსთვის კიდევ ერთი ვიზიტია დაგემილი. ბათუმში კვლავ ემზადებიან პროტესტისთვის.