
სოჭიდან წამოსულმა საკრუიზო ლაინერმა ბათუმის პორტი ხმაურისა და პროტესტის ფონზე დატოვა
27/07/2023 17:34:06 პოლიტიკა, საზოგადოება
სოჭიდან წამოსულმა საკრუიზო ლაინერმა Astoria Grande, ბათუმის პორტი ხმაურისა და პროტესტის ფონზე დატოვა.
აქციის მონაწილეებმა საქართველოსა და უკრაინის ჰიმნები შეასრულეს.
ბათუმის პორტში შეკრებილი იყვნენ როგორც რიგითი მოქალაქეები, ასევე ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები.
აქციის მონაწილეები სკანდირებდნენ: „აფხაზეთი საქართველოა“, „რუსეთი ოკუპანტია“, დატოვეთ ჩვენი ქვეყანა".
"Русский корабль, иди на...й" - მოქალაქეთა ნაწილს ამ შინაარსის პლაკატები ეჭირათ ხელში.
პარალელურად აქცია თბილისში, პარლამენტის წინაც გაიმართა, სადაც დემონსტრანტებმა რუსეთის დროშა დაწვეს.
საკრუიზო ლაინერმა Astoria Grande-მ სოჭიდან ახალი მარშრუტით პირველი რეისის შესრულება 22 ივლისს დაიწყო. ბათუმის პორტში გემი დღეს დილით შევიდა.
ამავე თემაზე: სოჭიდან ბათუმში კრუიზით ჩამოსული რუსი ტურისტი: "ჩვენი რაღაც რესპუბლიკა იყავით, რუსეთი ოკუპანტი არაა“.
საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში აცხადებენ, რომ ეს ლაინერი არ არის სანქცირებული.
"აღსანიშნავია რომ საკრუიზო გემის „ASTORIA GRANDE“-ი შემოსვლა კომერციული ხასიათისაა. იგი რეგისტრირებულია სეიშელის კუნძულებზე კომპანია “Goodwin Shipping Limited”-ის სახელით და საერთაშორისო სანქციებში არ ფიქსირდება", - აღნიშნულია საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს განცხადებაში.