
სოჭიდან წამოსული საკრუიზო ლაინერის ბათუმის პორტში შემოსვლას აქციებით აპროტესტებენ
27/07/2023 16:52:50 საზოგადოება
სოჭიდან წამოსულ საკრუიზო ლაინერ Astoria Grande-ს ბათუმის პორტში შემოსვლასთან დაკავშირებით, ბათუმის პორტთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. ადგილზე შეკრებილები არიან მოქალაქეები და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები.
აქციის მონაწილეები სკანდირებენ: „აფხაზეთი საქართველოა“, „რუსეთი ოკუპანტია“, დატოვეთ ჩვენი ქვეყანა".
"Русский корабль, иди на...й" - მოქალაქეთა ნაწილს ამ შინაარსის პლაკატები უჭირავს ხელში.
აქციაზე პროტესტი და ხმაური მოყვა გემიდან რუსი ტურისტების ჩამოსვლას და გემიდან რუსეთის დროშის გამოფენას. ამასთან, ლაინერის ერთ-ერთმა მგზავრმა აქციის მონაწილეებს შეურაცხმყოფელი ჟესტებით მიმართა.
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.
პარალელურად აქცია თბილისში, პარლამენტის წინაც გაიმართა.
საკრუიზო ლაინერმა Astoria Grande-მ სოჭიდან ახალი მარშრუტით პირველი რეისის შესრულება 22 ივლისს დაიწყო. ბათუმის პორტში გემი დღეს დილით შევიდა.
ამავე თემაზე: სოჭიდან ბათუმში კრუიზით ჩამოსული რუსი ტურისტი: "ჩვენი რაღაც რესპუბლიკა იყავით, რუსეთი ოკუპანტი არაა“.
საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში აცხადებენ, რომ ეს ლაინერი არ არის სანქცირებული.
"აღსანიშნავია რომ საკრუიზო გემის „ASTORIA GRANDE“-ი შემოსვლა კომერციული ხასიათისაა. იგი რეგისტრირებულია სეიშელის კუნძულებზე კომპანია “Goodwin Shipping Limited”-ის სახელით და საერთაშორისო სანქციებში არ ფიქსირდება", - აღნიშნულია საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს განცხადებაში.
/ფოტო –"რადიო თავისუფლება".