
პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე აქტივისტებმა რუსეთის დროშა დაწვეს
27/07/2023 15:25:26 საზოგადოება
თბილისში, პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე რიგითი მოქალაქეები, სამოქალაქო აქტივისტები და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები ბათუმში სოჭიდან საკრუიზო გემით რუსი ტურისტების შემოსვლას აპროტესტებენ.
აქციის მონაწილეებმა პარლამენტის შენობის წინ რუსეთის დროშა დაწვეს.
როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, საკრუიზო გემით ჩამოსული რუსი ტურისტების ნაწილს „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონი აქვთ დარღვეული და ისინი საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას პატივს არ სცემენ.
"არა გარუსების პოლიტიკას! საქართველოს მთავრობას არ გაუვა გაარუსოს საქართველო და ქართველი ხალხი!", - აცხადებენ აქციის ორგანიზატორები.
საკრუიზო გემის შემოსვლას აქტივიტები დღეს ბათუმშიც გააპროტესტებენ. ქალაქში აქცია 20:00სთ–ზეა დაგეგმილი.
საკრუიზო გემი Astoria Grande დღეს დილით ბათუმში შემოვიდა.
ამავე თემაზე: სოჭიდან ბათუმში კრუიზით ჩამოსული რუსი ტურისტი: "ჩვენი რაღაც რესპუბლიკა იყავით, რუსეთი ოკუპანტი არაა“
მანამდე, საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ აღნიშნულ საკრუიზო გემთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. მისი ინფორმაციით, საკრუიზო გემი „ASTORIA GRANDE“ პალაუს დროშის ქვეშ ცურავს და მას თურქული საკრუიზო კომპანია “Miray Cruises International” ემსახურება. საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს განმარტებით, გემთმფლობელი რეგისტრირებულია სეიშელის კუნძულებზე კომპანია “Goodwin Shipping Limited”-ის სახელით და საერთაშორისო სანქციებში არ ფიქსირდება. მისი ცნობით, აღნიშნული საკრუიზო გემის შემოსვლა კომერციული ხასიათისაა.