კადიროვის სიძე ჩეჩნეთის მთავრობის ვიცე-პრემიერად დაინიშნა
27/07/2023 15:10:05 მსოფლიო
ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეთაურის რამზან კადიროვის უფროსი ქალიშვილის ქმარი ვისხან მაცუევი ჩეჩნეთის მთავრობის ვიცე-პრემიერად და სოფლის მეურნეობის მინისტრად დაინიშნა. მანამდე იგი ქონებისა და მიწის საკითხების მინისტრად მუშაობდა. მისი ცოლი აიშატ კადიროვა, თავის მხრივ, კულტურის მინისტრის პოსტს იკავებს. თავისი სიძის ახალ თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ რამზან კადიროვმა ტელეგრამ–არხზე დაწერა.
აღსანიშნავია, რომ ვისხან მაცუევი სოფლის მეურნეობის მინისტრის პოსტზე შეცვლის კადიროვის ძმისშვილს, იბრაჰიმ (იაკუბ) ზაკრიევს. ეს უკანასკნელი გასულ კვირას რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ნაციონალიზებული კომპანია Danone-ის ხელმძღვანელად დანიშნა.
მიმდინარე წლის აპრილის ბოლოს, რამზან კადიროვმა „ძალოვანი ბლოკის“ საკითხებში თავის მრჩეველ-თანაშემწედ 26 წლის ძმისშვილი ხამზატ კადიროვი დანიშნა. ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეთაურს სახელმწიფო სამსახურში სხვადასხვა თანამდებობაზე ჰყავს შვილები, დები, სიძეები, ძმისშვილები და სხვა ნათესავები.კადიროვი ამაში ინტერესთა კონფლიქტს ვერ ხედავს და როგორც ამბობს, „ნიშნავს იმას, ვისაც ენდობა“.


