
"ზოგადად, საქართველოში ინვესტირების პირობები კარგია, თუმცა იზრდება უნდობლობა სასამართლოს მიმართ, განიხილოს კომერციული დავები დამოუკიდებლად
27/07/2023 12:12:18 პოლიტიკა, ეკონომიკა
აშშ–ის სახელმწიფო დეპრტამენტი საქართველოში საინვესტიციო გარემოს შესახებ ანგარიშს აქვეყნებს.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ზოგადად საქართველოში ინვესტირების პირობები კარგია, თუმცა იზრდება უნდობლობა სასამართლო სისტემის მიმართ, განიხილოს კომერციული დავები დამოუკიდებლად.
"დასავლეთ აზიისა და აღმოსავლეთ ევროპის გზაჯვარედინზე მდებარე საქართველო არის პატარა, მაგრამ ღია ბაზარი, რომელიც სარგებლობს საერთაშორისო ვაჭრობით, ტურიზმით და ტრანსპორტით. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მგრძნობიარეა გლობალური და რეგიონული შოკების მიმართ, ქვეყანამ 1991 წლიდან გაატარა ფართო ეკონომიკური რეფორმები, რამაც შედარებით კარგად ფუნქციონირებადი და სტაბილური საბაზრო ეკონომიკა შექმნა. 2005 წლიდან 2022 წლამდე საშუალო ზრდის ტემპი 5%–ზე მეტი იყო და საქართველოს რეიტინგი გლობალურ ბიზნესში, მმართველობაში, კორუფციასა და სხვა ინდექსებში სტაბილურად უმჯობესდებოდა. Heritage Foundations-ის 2022 წლის ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში, საქართველომ 26–ე ადგილი დაიკავა, ხოლო Transparency International-ის კორუფციის აღქმის ინდექსში – 45-ე ადგილი. ფისკალური და მონეტარული პოლიტიკა ორიენტირებულია დაბალ დეფიციტზე, დაბალ ინფლაციაზე და მცურავ რეალურ გაცვლით კურსზე. COVID-19-ის პანდემიამ მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა ადგილობრივ ვალუტასა და ადგილობრივ ეკონომიკაზე. შედეგად 2020 წელს საქართველოს ეკონომიკა 6 %–ით შემცირდა. ამის მიუხედავად, საქართველოს ეკონომიკა 2021 წელს აღდგა 10.4%–იანი ზრდით და მოლოდინს გადააჭარბა 2022 წელს, 10.2%–იანი ზრდით.
საერთაშორისო სავალუტო ფონდმა ეს ძლიერი ეკონომიკური მაჩვენებლები ტურიზმიდან შემოსავალს, ომთან დაკავშირებულ მიგრაციას, ფინანსური შემოდინებისა და საქართველოს გავლით სატრანზიტო ვაჭრობის ზრდას მიაწერა. ამ ფაქტორებმა ასევე გაზარდა ფისკალური შემოსავლები, გააძლიერა მიმდინარე ანგარიშის ბალანსი და ლარი, ხელი შეუწყო რეზერვების დაგროვებას. ინფლაცია რჩება გაზრდილი, რაც ასახავს საქონელზე მაღალ ფასებს და ძლიერ შიდა მოთხოვნას. მოსალოდნელია, რომ ზრდა და ინფლაცია შემცირდება 2023 წელს საგარეო შემოდინების შემცირებით, ნაკლებად ხელსაყრელი გლობალური ეკონომიკური და ფინანსური პირობებით, მცირე ფისკალური დეფიციტით და ჯანსაღი მონეტარული პოლიტიკით.
ზოგადად საქართველოში ბიზნესის კეთებისა და ინვესტირების პირობები კარგია და ის რეგიონის სხვა ქვეყნებთან შედარებით, უფრო ხელსაყრელია. თუმცა, იზრდება უნდობლობა სასამართლოს მიერ კომერციული საქმეების დამოუკიდებლად, დროულად და კომპეტენტურად გამოძიების შესაძლებლობის მიმართ, ამასთან ზოგიერთი ბიზნეს დავები სასამართლო სისტემაში წლებია, გადაუჭრელია. სხვა კომპანიები ჩივიან, რომ მუნიციპალურ დონეზე გადაწყვეტილების მიღების პროცესი არაეფექტურია, არასათანადოდ არის უზრუნველყოფილი ინტელექტუალური საკუთრების უფლების დაცვა, არ არსებობს ეფექტური ანტიმონოპოლიური პოლიტიკა, არსებობს პოლიტიკური ჩარევის, კანონებისა და რეგულაციების შერჩევითი გამოყენების შესახებ ბრალდებები, მათ შორის კომერციული კანონების შემთხვევაშიც, ასევე არსებობს სირთულეები საკუთრების უფლების შესახებ დავების გადაჭრაში", – ნათქვამია ანგარიშში.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საქართველოს მთავრობა ხსენებული პრობლემების მოსაგვარებლად მუშაობას განაგრძობს.
სახელმწიფო დეპარტამენტის შაფასებით, "ამ პრობლემების მიუხედავად, საქართველო მაინც იკავებს ერთ-ერთ პირველ ადგილს რეგიონში, როგორც ბიზნესის კეთების კარგი ადგილი".
"აშშ-მა და საქართველომ 1994 წელს მოაწერეს ხელი ორმხრივი ინვესტიციების შესახებ შეთანხმებას და საქართველოს აქვს უფლება აშშ-ში დაბეგვრის გარეშე განახორციელოს ბევრი პროდუქტის ექსპორტი, პრეფერენციების საყოველთაო სისტემის ჩარჩოს ფარგლებში.
ტრანზიტი და ლოჯისტიკა პრიორიტეტული სექტორებია, რადგან საქართველო ცდილობს, ისარგებლოს აღმოსავლეთ-დასავლეთის გაზრდილი ვაჭრობით ქვეყნის გავლით. ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზამ გაზარდა საქართველოს სატრანზიტო პერსპექტივები და მთავრობა ეძებდა გზებს ვაჭრობის გასაძლიერებლად. საქართველო დიდი ხანია, მიზნად ისახავს შავ ზღვაზე თავისი სტრატეგიული მდებარეობის კაპიტალიზაციას საქონლისა და ენერგეტიკის აღმოსავლეთ-დასავლეთის სატრანზიტო და სავაჭრო დერეფნად გადაქცევით. ცენტრალური აზიის გაფართოებულმა ბაზარმა განაპირობა ტვირთების ზრდა ბოლო დროს ამ „შუა დერეფნის“ გავლით, რადგან ჩრდილოეთის მარშრუტი რუსეთის გავლით ახლა უფრო სარისკოდ მიიჩნევა.
2023 წლის თებერვალში საქართველოს მთავრობამ გამოაცხადა ახალი ტენდერის გახსნის გეგმები ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარებისთვის (რომელიც მანამდე მთავრობამ გააუქმა 2020 წელს).
კერძო სექტორი აგრძელებს ინვესტიციებს საპორტო და ლოჯისტიკურ ინფრასტრუქტურაში ტვირთების მოსაზიდად. 2021 წელს ლოჯისტიკურმა კომპანიებმა დაასრულეს ორი ახალი ტერმინალის პროექტი ბათუმისა და ფოთის პორტებში. 2020 წელს საქართველოს უმსხვილესი პორტის, შავი ზღვის ფოთის პორტის მფლობელმა გამოაცხადა ღრმაწყლოვანი მრავალფუნქციური პორტის შექმნის გეგმები, რომელსაც ამჟამად ახორციელებს", – ნათქვამია ანგარიშში.