Accentnews.ge
ნიგერიაში სამხედროებმა პრეზიდენტის დამხობისა და საზღვრების ჩაკეტვის შესახებ განაცხადეს

ნიგერიაში სამხედროებმა პრეზიდენტის დამხობისა და საზღვრების ჩაკეტვის შესახებ განაცხადეს

27/07/2023 08:58:20 მსოფლიო

ნიგერში მორიგი სახელმწიფო გადატრიალება მოხდა.

გენერალ-პოლკოვნიკმა ამადუ აბდურაჰმანმა განაცხადა, რომ პრეზიდენტი მოჰამედ ბაზუმი თანამდებობიდან გადააყენეს.

სამხედროებმა სახელმწიფო ტელევიზიის მეშვეობით ისაუბრეს.

”ეს არის უსაფრთხოების მდგომარეობის გაუარესების, ცუდი ეკონომიკური და სოციალური მენეჯმენტის შედეგი,” - თქვა მან.

აბდურახმანის თქმით, თავდაცვის ძალებმა პრეზიდენტ ბაზუმის „რეჟიმს ბოლო მოუღეს“. წინა დღით, 26 ივლისს პრეზიდენტი საკუთარმა დაცვამ რეზიდენციაში დააკავა.

აბდურაჰმანმა გამოაცხადა საზღვრების დახურვის შესახებ. დაწესდა კომენდანტის საათი. ყველა დაწესებულების ფუნქციონირება დროებით შეაჩერეს, შეჩერდა კონსტიტუციის მოქმედებაც. სამხედროებმა სახელმწიფო ტელევიზიისკენ მიმავალი ყველა გზა დაიკავეს.

ჯგუფმა, რომელიც საკუთარ თავს ეროვნული თავდაცვის საბჭოს უწოდებს, "გარე პარტნიორებს" სთხოვა, არ ჩაერიონ სიტუაციაში. ამავდროულად, სამხედროებმა განაცხადეს, რომ ნიგერია ერთგული რჩება საერთაშორისო და ადგილობრივი საზოგადოების წინაშე აღებული ვალდებულებების შესრულებაში.

გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტიერეშმა მოუწოდა ამბოხებულებს, შეწყვიტონ სახელმწიფოში დემოკრატიული პრინციპების შემლახველი საქმიანობა და გაათავისუფლონ ბაზუმი. მხარდაჭერა გამოთქვა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმაც.

გადაყენებული პრეზიდენტის მხარდამჭერებმა პრემიერის ოფისთან პროტესტის ნიშნად დაიწყეს შეკრება. პრეზიდენტის გვარდიამ მათ დასაშლელად გამაფრთხილებელი გასროლა განახორციელა.

ბაზუმი კვლავ რეზიდენციაში იმყოფება, ის ნორმალურადაა,– განაცხადა რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა. თავად სახელმწიფოს მეთაურმა Twitter-ზე დაწერა, რომ დარწმუნებულია, რომ მისი პრეზიდენტობის დროინდელი მიღწევები შენარჩუნდება და „ნიგერის ყველა მოქალაქე, ვისაც უყვარს დემოკრატია და თავისუფლება, იზრუნებს ამაზე“.

26 ივლისს პრეზიდენტის გვარდიამ ნიამეში საპრეზიდენტო რეზიდენციის ბლოკირება მოახდინა, სადაც ბაზუმი და მისი ოჯახი იმყოფებოდნენ. ამბოხებულებმა ასევე დააკავეს ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრი ჰამადა სული.

ვითარება დიდი ხნის განმავლობაში გაურკვეველი რჩებოდა: სახელმწიფოს მეთაურმა განაცხადა, რომ არმიის ქვედანაყოფების უმეტესობა მხარს არ უჭერდა აჯანყებას და მზად იყო მის გასათავისუფლებლად. საბოლოოდ, რეგულარული არმიის წევრებმა მოლაპარაკება გამართეს საპრეზიდენტო გვარდიასთან და გადაწყვიტეს, წინააღმდეგობა არ გაეწიათ.

პრეზიდენტი ბაზუმი, რომელიც დემოკრატიული გზით 2021 წელს აირჩიეს, განიხილება დასავლეთის მთავარ მოკავშირედ დასავლეთ აფრიკაში ისლამისტ ბოევიკებთან ბრძოლაში. 1960 წელს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ნიგერში ოთხი სამხედრო გადატრიალება მოხდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S