ო’ბრაიენი: გვსურს, დავრწმუნდეთ, რომ საქართველოს საბაჟო ორგანოებს ქვეყნის საზღვრებში ტვირთის მოძრაობაზე სრული კონტროლი აქვთ
27/07/2023 07:40:59 პოლიტიკა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელი ჯიმ ო’ბრაიენი აცხადებს, რომ შეერთებულ შტატებს სურს, დავრწმუნდეს, რომ საქართველოს საბაჟო ორგანოებს ქვეყნის საზღვრებში ტვირთის მოძრაობაზე სრული კონტროლი აქვთ. ამის შესახებ მან სენატში ისაუბრა.
ო’ბრაიენს სენატორმა ჯინ შაჰინმა მას ჰკითხა, თუ რა ხდება საქართველოში რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებთან დაკავშირებით.
"მე თბილისს ვეწვიე ჩემს კოლეგებთან ევროკავშირიდან და ბრიტანეთიდან ერთად, ვფიქრობ, გამამხნევებელი სიახლეა, რომ საქართველოს საბაჟო ორგანოები დგამენ რეალურ ნაბიჯებს, რათა შეზღუდონ იმ საქონლის რუსეთში გადაზიდვა, რასაც ბრძოლის ველზე იყენებენ. გვინდა დავრწმუნდეთ, რომ მათ აქვთ სრული კონტროლი საქართველოს საზღვრებში ტვირთის მოძრაობაზე, იქნება ეს საჰაერო თუ საგზაო საზღვარი. ამისთვის ბევრი დახმარების გაწევა ხდება, მაგრამ ისინი კარგი პარტნიორები არიან, ისინი გამჭვირვალენი არიან იმასთან დაკავშირებით, რასაც ხედავენ. საკითხი ახლა არის ის, რომ მოხდეს წინსვლა და მკაფიო შეფასება იმაზე, თუ რა ხდება საქართველოსა და რუსეთს შორის ახლახან განახლებულ საჰაერო ფრენებთან დაკავშირებით“, -განაცხადა ჯიმ ო’ბრაიენმა.
ამის შემდეგ სენატორმა ჯინ შაჰინმა განაცხადა, რომ ჯიმ ო’ბრაიენს დაუსვა შეკითხვა, არის თუ არა ფრენების განახლება ის საკითხი, რომლის გამოც აშშ შეშფოთებულია, რადგან ის გააჩენს სანქციების გვერდის ავლის შესაძლებლობას, რაზედაც ჯიმ ო’ბრაიენმა შემდეგი განაცხადა:
„არ ვიტყოდი, რომ ეს შემაშფოთებელია, მაგრამ ეს უდავოდ არის შესაძლებელი. ასე რომ, ჩვენს გვსურს, დავრწმუნდეთ, რომ ვიცით, რა მიდის ამ თვითმფრინავებით, როდესაც ისინი უკან, რუსეთში ბრუნდებიან“, – აღნიშნა ო’ბრაიენმა.


