მედია: აშშ ჰააგის სასამართლოს რუსეთის ომის დანაშაულების შესახებ მტკიცებულებებს გაუგზავნის
27/07/2023 07:08:15 მსოფლიო
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა მიიღო გადაწყვეტილება, შეერთებულ შტატებს უფლება მისცეს, უკრაინაში რუსეთის ომის დანაშაულებთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გამოძიებასთან ითანამშრომლოს, - იუწყება CNN.
გამოცემის ინფორმაციით, ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც აშშ მტკიცებულებების სისხლის სამართლის სასამართლოსთვის გაზიარებას დასთანხმდა.
CNN-ის ცნობით, რა ინფორმაციას გააზიარებს აშშ საბოლოოდ დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რას მოითხოვს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორი გამოძიებისთვის.
ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის დაკავების ორდერი მარტში გასცა. მას ბრალი წაუყენეს ბავშვების უკანონო დეპორტაციისთვის უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან რუსეთში, რაც ომის დანაშაულად მიიჩნევა.


