Accentnews.ge
ვედანტ პატელი: "აშშ-ის საელჩო თბილისში, არასდროს ყოფილა ჩართული საქართველოს ექსპრეზიდენტის ლობირებაში"

ვედანტ პატელი: "აშშ-ის საელჩო თბილისში, არასდროს ყოფილა ჩართული საქართველოს ექსპრეზიდენტის ლობირებაში"

26/07/2023 20:20:07 პოლიტიკა

"მინდა კიდევ ერთხელ გავიმეორო, რომ თბილისში აშშ-ის საელჩო არასდროს ჩართულა ლობირებაში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის სასარგებლოდ", - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მოადგილემ, ვედანტ პატელმა შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

ჟურნალისტის დამატებით კითხვაზე, "რა შეიძლება იყოს საქართველოს სამთავრობო მედიასაშუალებებისა და ხელისუფლების მხრიდან აშშ-ის საელჩოს მიმართ ბრალდებების მიზეზი", სახდეპის წარმომადგენელი ამბობს, რომ "რომელიმე მხარის განცხადებების ფსიქოლოგიურ შეფასებას არ აპირებს".

ცნობისთვის: აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დღეს განცხადება გაავრცელა საქართველოში აშშ-ის საელჩომ.

საქართველოში აშშ-ის საელჩოს ინფორმაციით, ბოლო დღეებში "სააკაშვილის ლობირების" შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების მიმართ გაჟღერებულ დეზინფორმაციასთან დაკავშირებით ქართულ მხარესთან კომუნიკაცია ჰქონდათ საქართველოშიც და ვაშინგტონშიც. დიპლომატიური უწყება განცხადებაში აღნიშნავს, რომ დეზინფორმაციას ავრცელებდნენ როგორც პოლიტიკოსები, ისე მედიასაშუალებები.

„ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, თბილისსა და ვაშინგტონში, შეშფოთება გამოთქვა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ბოლო დღეების განმავლობაში აშშ-ის საელჩოსა და ჩვენი თანამშრომლების საქმიანობასთან დაკავშირებით ზოგიერთი მედიასაშუალებების მიერ გამოქვეყნებულ დეზინფორმაციასა და პოლიტიკური მოღვაწეების მიერ ამ დეზინფორამციის გავრცელებასთან დაკავშირებით.

როგორც აღვნიშნეთ, თბილისში აშშ-ის საელჩოში არავის მიუღია მონაწილეობა ყოფილი პრეზიდენტის, სააკაშვილის ლობირებაში და არც დახმარებია მის ლობისტებს რაიმე შეხვედრის დაგეგმვაში. მავნებლური ინფორმაცია, რაც ამტკიცებს, ან გულისხმობს, რომ საელჩოს თანამშრომლებმა ლობისტური ფირმებისგან ფული მიიღეს, ერთმნიშვნელოვნად ცრუ და უპასუხისმგებლოა,“ - აღნიშნულია საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში განცხადებაში.

ბოლო რამდენიმე დღეა, მას შემდეგ, რაც აშშ-ის იუსტიციის სამინისტრომ გაასაჯაროვა პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის შესახებ (FARA-ს) დოკუმენტები, საქართველოში სახელისუფლებო პარტიის წევრებმა და მათ მიმართ ლოიალურმა ტელეარხებმა გააჟღერეს ბრალდებები, რომ მიხეილ სააკაშვილის ლობირებაში ჩართული იყო აშშ-ის საელჩოს თანამშრომელი.

"ძალიან ცუდია და მძიმე, როდესაც უცხო ქვეყნის საელჩოს წარმომადგენელი ჩართულია ასეთ ქმედებებში, ამას სჭირდება ახსნა-განმარტებები და კითხვებზე პასუხები. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, როდესაც არის მცდელობა ქვეყნის გაშავების, რომ ქვეყანა დაასანქცირონ. მე საუბარი არ მაქვს უცხო ქვეყნის მოქალაქეზე და საელჩოს თანამშრომელზე, უფრო გამაღიზიანებელი, დამაზიანებელი და ძალიან მძიმეა, როდესაც ამ ყველაფერში შენი ქვეყნის მოქალაქეები და პოლიტიკოსები არიან ჩართული, როგორმე როგორმე დააზიანონ ეს ქვეყანა, ამ ქვეყნის ევროპული მომავალი", - განაცხადა თბილისის მერმა, "ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S