ჩეხეთმა რუსეთთან დავა წამოიწყო
26/07/2023 19:53:03 მსოფლიო
ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სარჩელით მიმართა სასამართლოს.
უწყება კომპენსაციის სახით 53 მილიონი კრონის (2,44 მილიონი დოლარი) გადახდას მოითხოვს რუსეთის საელჩოს მიერ პრაღასა და სხვა ქალაქებში მიწის ნაკვეთებით სარგებლობისთვის,– იუწყება Reuters.
საქმე იმაშია, რომ მაისში ჩეხეთის მთავრობამ გააუქმა საბჭოთა ეპოქის დადგენილებები (1970-იანი და 1980-იანი წლების), რომლითაც რუსეთის საელჩოს კომუნისტმა მმართველებმა პრაღასა და სხვა ქალაქებში მიწით უსასყიდლოდ სარგებლობის უფლება მისცეს.
ახლა რუსეთს მოუწევს ნაკვეთებისთვის იჯარის გადახდა, – განაცხადა ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ბრძანებების გაუქმების შემდეგ.
რუსეთმა განაცხადა, რომ რეტროსპექტულად იჯარის მოთხოვნა "სახელმწიფო დონეზე გამოსასყიდის მოთხოვნას ჰგავს".


