NATO შავ ზღვაში დაზვერვას აძლიერებს და სიფხიზლეს ზრდის
26/07/2023 18:17:57 პოლიტიკა, მსოფლიო
ნატო საპატრულო თვითმფრინავებისა და დრონების გამოყენებით შავი ზღვის რეგიონში დაზვერვას გააძლიერებს. ამის შესახებ ნატო-უკრაინის საბჭოს სხდომის შემდეგ გახდა ცნობილი. მას წინ უსწრებდა ცნობები იმის შესახებ, რომ რუსეთმა შესაძლოა, სამოქალაქო გემები ამოიღოს სამიზნეში შავ ზღვაში.
“მოკავშირეები და უკრაინა მკაცრად გმობენ რუსეთის გადაწყვეტილებას, გავიდეს შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმებიდან და მის გამიზნულ მცდელობებს, შეაჩეროს უკრაინის სასოფლო-სამეურნეო ექსპორტი, რომელზეც მსოფლიოს მასშტაბით ასობით მილიონი ადამიანია დამოკიდებული.
ისინი, ასევე, გმობენ რუსეთის ბოლოდროინდელ სარაკეტო თავდასხმებს ოდესაზე, მიკოლაივსა და სხვა საპორტო ქალაქებზე, მათ შორის მოსკოვის ცინიკურ დრონებით თავდასხმას უკრაინული მარცვლეულის საწყობზე დუნაის საპორტო ქალაქ რენიში, რუმინულ საზღვართან ძალიან ახლოს”, - წერია განცხადებაში.
განცხადებაში ასევე ვკითხულობთ, რომ მოკავშირეები მიესალმებიან თურქეთის მცდელობებს, “გააცოცხლოს მარცვლეულის შეთანხმება”. ასევე მიესალმებიან ბულგარეთის, რუმინეთის, ევროკავშირისა და გაეროს მცდელობებს, ხელი შეუწყონ უკრაინული მარცვლეულის ექსპორტს ზღვითა და ხმელეთით.
“ნატო და მოკავშირეები შავი ზღვის რეგიონში დაზვერვას გააძლიერებენ, მათ შორის საპატრულო თვითმფრინავებითა და დრონებით. წინა წლიდან მოყოლებული, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომის საპასუხოდ ნატომ მნიშვნელოვნად გაზარდა საკუთარი წარმომადგენლობა რეგიონში, ბულგარეთსა და რუმინეთში ორი ახალი მრავალეროვნული საბრძოლო ჯგუფის ჩათვლით”, - წერია განცხადებაში.
ამასთან დაკავშირებით უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ნატო-უკრაინის საბჭომ დაამტკიცა, რომ კრიზისული კონსულტაციების ეფექტიანი მექანიზმია:
“მივესალმებით ალიანსის მიერ მარცვლეულის შეთანხმებიდან რუსეთის გასვლის მკაფიო და ერთმნიშვნელოვან დაგმობას. სულ რაღაც ორი კვირის წინ ვილნიუსში შექმნილმა [ნატო-უკრაინის] საბჭომ უკვე დაამტკიცა, რომ კრისისული კონსულტაციების ეფექტიანი მექანიზმია…
უკრაინა გააგრძელებს გლობალური სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფაში საკუთარი ვალდებულებების შესრულებას, და ამ საკითხში მოკავშირეების მხარდაჭერას ვაფასებთ. ერთიანი ვრჩებით ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან ნატოს წევრობისკენ გზაზე”.ა
ხოლო ნატო–ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი იუწყება, რომ "ნატო ერთიანია - მოკავშირეები აგრძელებენ უკრაინის დახმარებას გაძლიერებას და რეგიონში სიფხიზლეს ზრდიან”.


