
ჩინელმა და თურქმა დიპლომატებმა ანკარაში, მათ შორის, საქართველოზე გამავალ დერეფანზე ისაუბრეს
26/07/2023 17:21:00 მსოფლიო, ეკონომიკა
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰაკან ფიდანი ანკარაში ჩინელ კოლეგას ვანგ იის შეხვდა,– იუწყება თურქული გამოცემა "ანადოლუ" დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით.
გამოცემა აღნიშნავს, რომ მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობების სხვადასხვა ასპექტები განიხილეს.
ჯერ მინისტრებმა პირისპირ შეხვედრა გამართეს, შემდეგ მოლაპარაკებები გაფართოებულ ფორმატში გაგრძელდა.
გამოცემის ცნობით, მოლაპარაკებების დროს მოხდა აზრთა გაცვლა ორ ქვეყანას შორის დიალოგისა და კონსულტაციების მექანიზმების ეფექტური გამოყენების შესახებ, მათ შორის – სამთავრობო დონეზე. თურქეთისა და ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა განიხილეს სავაჭრო და ეკონომიკური კავშირების გაფართოების გზები, ინიციატივები – "ერთი სარტყელი, ერთი გზა" და "შუა დერეფანი", ასევე ბირთვული ენერგიის, სოფლის მეურნეობის, სამოქალაქო ავიაციის, კულტურისა და ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის საკითხები.
"ასევე განხილულ იქნა ორმხრივი ვაჭრობის უფრო დაბალანსებული და მდგრადი სტრუქტურის მიღწევისა და ორმხრივი ინვესტიციების მოცულობის გაზრდის გზები. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ჩინეთში ეთნიკური უიღურების მდგომარეობას. მხარეებმა გაცვალეს მოსაზრებები რეგიონული და საერთაშორისო დღის წესრიგის აქტუალურ საკითხებზე, ახლო აღმოსავლეთში განვითარებულ მოვლენებზე, უკრაინაში არსებულ ვითარებაზე და გლობალური ფინანსური სისტემის მდგომარეობაზე",– ვკითხულობთ ინფორმაციაში.