
ათენის სადეპორტაციო ბანაკში, სადაც საქართველოს მოქალაქეებიც იმყოფებოდნენ, არეულობა იყო
26/07/2023 17:05:00 საზოგადოება
ათენის ამიგდალეზას არალეგალთა განთავსების ბანაკში, სადაც საქართველოს მოქალაქეებიც იმყოფებოდნენ, არეულობა იყო.
საბერძნეთში საქართველოს საელჩო აღნიშნავს, რომ მუდმივ კონტაქტზე იმყოფებოდა როგორც არსებულ ბანაკში მყოფ საქართველოს მოქალაქეებთან, ისე ადმინისტრაციასთან.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, შესაბამისმა სამსახურები და საქართველოს მოქალაქეები ადასტურებენ, რომ ღამის საამ საათზე, ადგილზე უკვე სიმშვიდე იყო და საქართველოს მოქალაქეები უსაფრთხოდ იმყოფებოდნენ.
„ათენის ამიგდალეზას არალეგალთა განთავსების ბანაკში, 2023 წლის 26 ივლისს, ღამის 2 საათზე დაიწყო არეულობა. ადგილზე მობილიზებული იყო საბერძნეთის შესაბამისი სამსახურები. ინფორმაციის მიღებიდან, საელჩო მუდმივ კონტაქტზე იმყოფებოდა როგორც არსებულ ბანაკში მყოფ საქართველოს მოქალაქეებთან, ისე ამიგდალეზას ადმინისტრაციასთან. დაახლოებით ღამის 3 საათზე, როგორც შესაბამისმა სამსახურებმა და ასევე საქართველოს მოქალაქეებმა დაგვიდასტურეს, ადგილზე უკვე იყო სიმშვიდე და ყველა საქართველოს მოქალაქე იმყოფებოდა უსაფრთხოდ. საავადმყოფოში გადაყვანილ იქნენ მხოლოდ ის პირები, რომელთაც ცრემლსადენი გაზის გამო შეექმნათ პრობლემა - მათ შორის არ ყოფილან საქართველოს მოქალაქეები. შეგახსენებთ, რომ ფორსმაჟორული/გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ საქართველოს საელჩოს ცხელ ხაზს, რომელიც უწყვეტ რეჟიმში ფუნქციონირებს. ცხელი ხაზი +306952220000”, - წერია საელჩოს განცხადებაში.
ბერძნული მედიის ცნობით, არეულობა მას შემდეგ დაიწყო, რაც ბანაკში გარდაიცვალა ინდოეთის 26 წლის მოქალაქე. პოლიციის ვერსიით, ახალგაზრდა კაცმა გონება დაკარგა დაახლოებით 22:00 საათისთვის. ბანაკში მისულ სასწრაფო დახმარების ბრიგადას ახალგაზრდა კაცი გარდაცვლილი დახვდა. მიგრანტებმა მიიჩნიეს, რომ გარდაცვალების მიზეზი დაგვიანებული სამედიცინო დახმარების ბრალი იყო და ცეცხლი წაუკიდეს მატრასებს, სკამებს და ყუთებს.
ინციდენტი ადგილზე სახანძრო მანქანების და პოლიციის ეკიპაჟების მისვლის შემდეგ ამოიწურა.