Bloomberg: "ჩრდილოეთ კორეა ბირთვულ პროგრამას რუსეთთან საიდუმლო გარიგებების ხარჯზე აფინანსებს"
26/07/2023 10:55:05 მსოფლიო
ჩრდილოეთ კორეა საკუთარი ბიუჯეტის რუსეთის ხარჯზე შევსებას განაგრძობს, მათ შორის - პუტინისთვის უკრაინასთან საბრძოლველად იარაღის მიყიდვით, - წერს Bloomberg.
ამერიკის მთავრობის ინფორმაციით, მოსკოვს ყველაზე მეტად 152 მილიმეტრიანი საარტილერიო ჭურვები აინტერესებს, რომელიც თავსებადია უკრაინის ფრონტზე ფართოდ გამოყენებად საბჭოთა დროინდელ სსრკ-ის დროინდელ რუსულ შეიარაღებასთან. ჯეიმსთაუნის ფონდის მკვლევარების მონაცემებით, რუსული არმია ყოველდღიურად ათასობით მსგავს ჭურვს ხარჯავდა, რამაც მათი მწვავე დეფიციტი გამოიწვია, ჩრდილოეთ კორეას კი ამ ჭურვების მრავალმილიონიანი მარაგი გააჩნია.
Bloomberg-ის გათვლით, ჩრდილოეთ კორეას რომ თითოეული ჭურვი 1000 დოლარად გაეყიდა, 250 ათასი ერთეულის გაყიდვიდან იგი რესპუბლიკის მშპ-ის 1%-ის ტოლ შემოსავალს მიიღებდა. და ეს კონსერვატიული გათვლაა, რადგან ცნობილია, რომ მოთხოვნის ზრდამ ფასები გაზარდა და სადღეისოდ 155 მილიმეტრიანი ჭურვი, რომელსაც NATO-ს ძალები იყენებენ, თითო 3000 დოლარი ღირს. ამასთან, 2022 წელს ჩრდილოეთ კორეამ 70-ზე მეტი რაკეტა გაუშვა და ამაზე სავარაუდოდ, 1 მილიარდ დოლარზე მეტი დაეხარჯებოდა, რაც მისი ეკონომიკის დაახლოებით 4%-ს უტოლდება.
"ჩრდილოეთ კორეამ ხელიდან არ გაუშვა შესაძლებლობა, მოძველებული საბრძოლო მასალა ძვირად გაყიდოს" - თვლის ექსპერტი შეიარაღების საკითხებში, წიგნის "ჩრდილოეთ კორეის შეიარაღებული ძალები" თანაავტორი იოსტ ოლიმანსი.
ივნისში გაერო იუწყებოდა, რომ 2020 წლიდან პირველად, რუსეთმა ჩრდილოეთ კორეაში ხორბლის კვალდაკვალ ნავთობის მიწოდება დაიწყო. ქვეყნებმა აღადგინეს სარკინიგზო მიმოსვლაც, რომელიც თითქმის სამი წლის განმავლობაში იყო შეწყვეტილი. ეს ყველაფერი ჩრდილოეთ კორეას სანქციებისთვის გაძლებისა და საკუთარი ბირთვული და სხვა არსენალის გაზრდის შესაძლებლობას აძლევს. ქვეყანას უკვე საკმარისი იარაღაი გააჩნია სამხრეთ კორეასა და იაპონიაზე თავდასასხმელად და მიუხედავად ამისა, საკუთარი სამხედრო პროგრამის ზრდას აგრძელებს. გაზაფხულზე ჩრდილოეთ კორეამ ახალი კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტა გამოსცადა, რომელიც აშშ-ის სახმელეთო ნაწილზე დარტყმის განხორციელებისთვისაა გამიზნული.
25 ივლისს ჩრდილოეთ კორეაში ვიზიტად რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ გაემგზავრა. ეს პოსტსაბჭოთა პერიოდში რუსეთის თავდაცვის მინისტრის თაოსნობით დელეგაციის პირველი ვიზიტია რესპუბლიკაში.


