რუსეთის მიერ მსო-ის დატოვების შესახებ კანონპროექტი სახელმწიფო სათათბიროშია წარდგენილი
26/07/2023 10:37:17 მსოფლიო
რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს კომპარტიის ფრაქციის წევრებმა წარადგინეს კანონპროექტი რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში (მსო), რეკონსტრუქციისა და განვითარების მსოფლიო ბანკსა და განვითარების საერთაშორისო ასოციაციაში გაწევრიანების შესახებ პროტოკოლის დენონსაციის თაობაზე. როგორც განმარტებით ბარათშია აღნიშნული, კომპარტიის ინიციატივა ხსენებული ორგანიზაციების "იმ პოლიტიკის შედეგია, რომელსაც ისინი აშშ-ისა და მისი სატელიტების კარნახით უკრაინის ომისა და ყირიმის ანექსიის გამო აწარმოებენ".
"მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში რუსეთის წევრობამ ვერ აგვაცილა სანქციები, რომელიც აშკარად ეწინააღმდეგება ხსენებული ორგანიზაციების წევრობის ძირითად მიზნებსა და პრინციპებს. თავად მსო-მ კი რუსეთის წინააღმდეგ სანქციები არ დაგმო და შესაბამისად, ამ ორგანიზაციის წევრობას აზრი აღარ აქვს. ამასთანავე, ამჟამად ფონდი 190 წევრს ითვლის და თითოეული სახელმწიფოსთვის დადგენილია კვოტა, რომლის სიდიდე ორგანიზაციის გადაწყვეტილებებზე ზეგავლენას განსაზღვრავს. კვოტის გათვლისას მხედველობაში იღებენ ქვეყნის მშპ-ს, ეკონომიკის ღიაობასა და ცვალებადობას, ასევე ქვეყნის საერთაშორუსი რეზერვებს. 2002 წელს რუსეთის კვოტის წილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის კაპიტალში 2,59%-ს შეადგენდა, ხოლო სანქციების მხარდამჭერი ქვეყნების წილი 50%-ს აღემატებოდა, მათ შორის საკუთრივ აშშ-სი 16,5%-ს. ამგვარად, ხსენებული ორგანიზაციის გადაწყვეტილებებზე რუსეთის ზეგავლენა მინიმალურია, არადა, ვალდებულება გვაქვს, ფონდის კაპიტალში კვოტის შესაბამისად ყოველწლიურად 11,7 მილიონი დოლარის ოდენობის შენატანი ვიხადოთ. ამასაც რომ თავი დავანებოთ, ხსენებულ ფონდში გაწევრიანების გამო რუსეთმა სუვერენიტეტი დაკარგა და კოლონიად იქცა, რადგან წევრობა ქვეყანას სავალუტო დამოუკიდებლობასა და რუბლის კურსის მართვის შესაძლებლობას ართმევს" - აცხადებენ კომუნისტი დეპუტატები.
ცნობისთვის: მანამდე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ქვეყანა საერთაშორისო სავალუტო ფონდს არ დატოვებდა, რადგან ეს ორგანიზაცია "მსოფლიოს ომის შემდგომი ეკონომიკური წყობის მნიშვნელოვან ელემენტს წარმოადგენს და ამასთანავე, მასში მონაწილეობას წონადი საიმიჯო მნიშვნელობა აქვს".


