ჩინეთის ერთი თვის წინ გაუჩინარებული საგარეო საქმეთა მინისტრი თანამდებობიდან გაათავისუფლეს
25/07/2023 12:56:23 მსოფლიო
ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ცინ განგი თანამდებობიდან გაათავისუფლეს. ის ერთი თვეა, საზოგადოებაში არ გამოჩენილა.
ცინ განგის თანამდებობიდან გათავისუფლება ჩინეთის კომუნისტური პარტიის ხელმძღვანელობის საგანგებო და უჩვეულოდ ხანმოკლე შეხვედრაზე გამოცხადდა, – წერს The Washington Post.
მისი გადადგომის მიზეზები არ სახელდება. საგარეო საქმეთა სამინისტროს ახალი ხელმძღვანელი ვანგ ი გახდა, რომელიც ამ პოსტს 2022 წლის 30 დეკემბრამდე იკავებდა.
57 წლის ცინ განგი ბოლოს საზოგადოებაში 25 ივნისს გამოჩნდა. შემდეგ ის პეკინში შეხვდა თავის კოლეგებს რუსეთიდან, ვიეტნამიდან და შრი-ლანკადან. მას შემდეგ მასთან დაგეგმილი შეხვედრები ან გაუქმდა, ან მათზე ვანგ ის გზავნიდნენ. ცინ განგის არყოფნა ASEAN-ის სამიტზე ივლისის შუა რიცხვებში ოფიციალურად აიხსნა "მისი ჯანმრთელობის მდგომარეობით".
თუმცა 24 ივლისს, ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მას არ აქვს ინფორმაცია ცინ განგის ადგილსამყოფელის შესახებ.
გაუჩინარებამდე ერთი კვირით ადრე ცინ განგი პეკინში შეხვდა აშშ-ის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენს. ისინი შეთანხმდნენ, რომ შემდეგი შეხვედრა ვაშინგტონში გაიმართებოდა, – იტყობინება The Washington Post.


