ჩეხეთი კოსოვოში ელჩს პირველად გზავნის
25/07/2023 11:34:31 მსოფლიო
ჩეხეთმა პირველად დანიშნა ელჩი ნაწილობრივ აღიარებულ კოსოვოში.
„ბოგუმილ მაზანეკი არის ჩეხეთის რესპუბლიკის პირველი საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი კოსოვოში“, - აცხადებენ ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში.
მაზანეკი ადრე ელჩად მსახურობდა ლიეტუვაში, ასევე იყო გენერალური კონსული შანხაიში.
ჯამში ჩეხეთის პრეზიდენტმა პეტრ პაველმა საგარეო საქმეთა მინისტრის იან ლიპავსკის წინადადებით დაამტკიცა 26 ელჩის კანდიდატურა უცხო ქვეყნებში. ელჩები იცვლებიან დაგეგმილი როტაციის ფარგლებში.
კოსოვომ დამოუკიდებლობა 2008 წელს გამოაცხადა. იმავე წელს იგი ჩეხეთის რესპუბლიკამ აღიარა.
მიუხედავად იმისა, რომ პრიშტინაში ჩეხეთის საელჩო არსებობს, ქვეყანას ელჩი აქამდე არ ჰყოლია. ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ადრე განაცხადა კოსოვოში ელჩის გაგზავნის აუცილებლობის შესახებ, რათა "გამოსწორდეს აბსურდული სიტუაცია, როდესაც ჩეხეთი აღიარებს კოსოვოს დამოუკიდებლობას, აქვს საელჩო ქვეყანაში, მაგრამ არ ჰყავს ელჩი".


