
27 ივლისს სოჭიდან წამოსული საკრუიზო ლაინერი ბათუმში შემოვა
25/07/2023 11:18:26 საზოგადოება
27 ივლისს სოჭიდან წამოსული საკრუიზო ლაინერი ბათუმში შემოვა. ინფორმაცია დასტურდება საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ გავრცელებული განცხადებითაც, რომელშიც არ არის ნათქვამი, რომ საკრუიზო გემს ტურისტები რუსეთიდან მიჰყავს.
"აღსანიშნავია, რომ საკრუიზო გემის „Astoria Grande“ შემოსვლა კომერციული ხასიათისაა. იგი რეგისტრირებულია სეიშელის კუნძულებზე კომპანია “Goodwin Shipping Limited”-ის სახელით და საერთაშორისო სანქციებში არ ფიქსირდება", - აცხადებენ საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში.
ამავე განცხადებაში აღნიშნულია, რომ ბათუმში პორტისკენ მიმავალი გემი Astoria Grande პალაუს დროშის ქვეშ დაცურავს და მას თურქული საკრუიზო კომპანია Miray Cruises International-ი ემსახურება.
"საქართველოს საზღვაო ტრანსპორტი სააგენტო, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურთან კოორდინაციით, მუდმივ რეჟიმში ახორციელებს როგორც გემების, ასევე გემთმფლობელების შემოწმებას საერთაშორისო სანქციებთან მიმართებით. შესაბამისად, თუკი გემი, ან გემის მფლობელი არის სანქციების სიაში, მას არ ეძლევა საქართველოს ნავსადგურებში შემოსვლისა და შესაბამისი პროცედურების განხორციელების უფლება", - აცხადებენ სააგენტოში.
22 ივლისს სოჭიდან საკრუიზო ლაინერმა Astoria Grande-მ ახალი მარშრუტით პირველი რეისის შესრულება დაიწყო.
"ტურისტების მოთხოვნით გადაწყვიტეს დამატებითი გაჩერება შავი ზღვის სანაპიროზე. ორგანიზატორები მიიჩნევენ, რომ საქართველოს კურორტს შეუძლია მნიშვნელოვნად გაზარდოს ინტერესი. მგზავრს არ სჭირდება დამატებითი დოკუმენტების აღება", - ნათქვამია ერთ-ერთი რუსული ტელეარხის მიერ მომზადებულ მასალაში.
მისი ინფორმაციით, კრუიზზე ახლა 850 მგზავრია. ტურისტებს ბათუმის ღირსშესანიშნაობების დათვალიერებას და ადგილობრივი სამზარეულოს დაგემოვნებას სთავაზობენ.
"ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი სტუმრები დააფასებენ ამ ქალაქის გასაოცარ ატმოსფეროსა და კულტურას. ჩვენ მოვამზადეთ სპეციალური საექსკურსიო პროგრამა, რომელიც საშუალებას მოგცემთ გაეცნოთ ამ ქალაქს და მის კულტურას“, - ამბობს საკრუიზო კომპანიის სასტუმროს მენეჯერის მოადგილე.