ჰააგის მოსამართლე, რომელიც შეთქულების თეორიებით ცდილობდა MH17–ის საქმეზე გავლენის მოხდენას, გადადგა
25/07/2023 10:08:38 მსოფლიო
ჰოლანდიელმა მოსამართლემ, რომელიც შეთქმულების თეორიების გავრცელებით ცდილობდა გავლენა მოეხდინა MH17 საქმის სასამართლო პროცესზე, თანამდებობიდან გადადგა. ინფორმაცია ჰააგის სასამართლომ დაადასტურა, იუწყება NOS.
ქალი ჰააგის სასამართლოში მუშაობდა. შეთქმულების თეორიის გავრცელებისთვის ადრე გამოცხადებულ საყვედურთან დაკავშირებით მას სისხლის სამართლის საქმეების წარმართვის უფლება აღარ მიეცა. ეს ის იშვიათი შემთხვევაა, როდესაც მოსამართლემ დისციპლინური სახდელი მიიღო.
ქალის ძმამ ფსევდონიმით დაწერა წიგნი, რომელშიც ნათქვამია, რომ რეისი MH17 არ ჩამოგდებულა რუსული რაკეტით 2014 წელს, როგორც ეს ჰოლანდიის უსაფრთხოების საბჭომ და პროკურორებმა განაცხადეს. მოსამართლემ მისი ძმის წიგნი MH17 საქმის მოსამართლეებსა და პროკურორებს გადასცა.
ქალმა ჰოლანდიის უშიშროების საბჭოსა და პროკურატურის დასკვნებს უწოდა "განზრახი და გამჭვირვალე დამალვა", ხოლო ზოგიერთ მონაცემს - "მანიპულაცია და ტყუილი".
უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ ქალის გადაწყვეტილებები ძირს უთხრის ნდობას სასამართლო ხელისუფლების ავტორიტეტისა და მიუკერძოებლობის მიმართ. მოსამართლეს შეუძლია, თავისი აზრი გამოთქვას, წერს უზენაესი სასამართლო, მაგრამ უნდა გაითვალისწინოს „ამ განცხადებების გავლენა“.
მოგეხსენებათ, 2022 წლის 17 ნოემბერს ჰააგის სასამართლომ იგორ გირკინს, სერგეი დუბინსკის და ლეონიდ ხარჩენკოს დაუსწრებლად მიუსაჯა სამუდამო პატიმრობა დონბასში მალაიზიური თვითმფრინავის MH17-ის ჩამოგდებაში მონაწილეობისთვის. სასამართლომ დაადგინა, რომ მათ 16 მილიონ ევროზე მეტი კომპენსაცია უნდა გადაუხადონ დაღუპულთა ახლობლებს.
ჰააგის სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ MH17 თვითმფრინავის ჩამოგდებისას რუსეთს ჰქონდა ეფექტური კონტროლი დონეცკზე.


