
ტურისტებს სოჭიდან ბათუმში საკრუიზო ლაინერით მოგზაურობას სთავაზობენ
25/07/2023 10:07:44 საზოგადოება
22 ივლისს სოჭიდან საკრუიზო ლაინერმა Astoria Grande-მა ახალი მარშრუტით პირველი რეისის შესრულება დაიწყო. როგორც ერთ-ერთი რუსულენოვანი ტელეარხი იუწყება, სოჭიდან გამოსული ლაინერი მოგზაურობის დაწყების მეხუთე დღეს ბათუმის პორტშიც შევა.
"ტურისტების მოთხოვნით გადაწყვიტეს დამატებითი გაჩერება შავი ზღვის სანაპიროზე. ორგანიზატორები მიიჩნევენ, რომ საქართველოს კურორტს შეუძლია მნიშვნელოვნად გაზარდოს ინტერესი. მგზავრს არ სჭირდება დამატებითი დოკუმენტების გაცემა", - ნათქვამია ამავე ტელეარხის მომზადებულ მასალაში.
მისი ინფორმაციით, კრუიზზე ახლა 850 მგზავრია. ტურისტებს ბათუმის ღირსშესანიშნაობების დათვალიერებას და ადგილობრივი სამზარეულოს დაგემოვნებას სთავაზობენ.
"ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი სტუმრები დააფასებენ ამ ქალაქის გასაოცარ ატმოსფეროსა და კულტურას. ჩვენ მოვამზადეთ სპეციალური საექსკურსიო პროგრამა, რომელიც საშუალებას მოგცემთ გაეცნოთ ამ ქალაქს და მის კულტურას“, - ამბობს საკრუიზო კომპანიის სასტუმროს მენეჯერის მოადგილე.
იგივე ლაინერი მორიგ ტურნეს 29 ივლისს დაიწყებს. ამ შემთხვევაში Astoria Grande-ის "ვარსკვლავური" კრუიზის მარშრუტია: სოჭი-ტრაბზონი-ბათუმი-ამასრა-სტამბოლი-სოჭი.