ისრაელის პარლამენტმა სასამართლო რეფორმის სადავო კანონპროექტი მიიღო
24/07/2023 15:46:42 მსოფლიო
ქნესეთმა 24 ივლისს მხარი დაუჭირა პირველი კანონპროექტის მიღებას სასამართლო რეფორმის ფარგლებში, რის წინააღმდეგაც მასობრივი საპროტესტო გამოსვლები იმართება.
ბოლო კენჭისყრას ბოიკოტი გამოუცხადეს ქნესეთის ოპოზიციონერმა დეპუტატებმა, მაგრამ კანონის მისაღებად საკმარისი იყო მმართველი კოალიციის 64 წევრის ხმა.
კანონით შეიზღუდება უზენაესი სასამართლოს უფლება, გააუქმოს გადაწყვეტილებები, რომლებსაც იღებს მთავრობა. კრიტიკოსების აზრით, ხელისუფლების კონტროლის რამდენიმე ეფექტური მექანიზმიდან ერთ-ერთის გაუქმებით, მიღებული ცვლილებები ძალაუფლების ბოროტად გამოყენების შესაძლებლობას ქმნის.
რეფორმით გათვალისწინებული სხვა ცვლილებებით, რომლებიც დღეს არ გასულა კენჭისყრაზე, შეიცვლება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის პროცედურა. ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ სასამართლო რეფორმით შეთავაზებული კანონები დამოუკიდებელი სასამართლოს გაქრობას გამოიწვევს.
პარლამენტის სხდომის დროს პარალელურად გაიმართა საპროტესტო აქცია. მასში 20 ათასი ადამიანი მონაწილეობდა. პოლიციამ აქციის მონაწილეების დასაშლელად წყლის ჭავლი გამოიყენა. არიან დაკავებულები.
საპროტესტო აქციებს მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლებიც შეუერთდნენ. ისრაელის ბიზნესფორუმმა, რომელიც აერთიანებს ქვეყნის 150 უმსხვილესი კომპანიის ლიდერებს, რეფორმის წინააღმდეგ გაფიცვა გამოაცხადა. მასში ჩართულია ასევე ბევრი დამწყები კომპანია, ბანკი, სავაჭრო ცენტრი და ბენზინგასამართი სადგური.


