დანიაში, ერაყის საელჩოს შენობის წინ ყურანი დაწვეს
24/07/2023 13:26:08 მსოფლიო
დანიის დედაქალაქ კოპენჰაგენში, ერაყის საელჩოს შენობის წინ ორმა პირმა ყურანი - მუსლიმთა წმინდა წიგნი - დაწვა.
Reuters-ის ცნობით, პირები, რომლებმაც ყურანს ცეცხლი წაუკიდეს, „დანიელ პატრიოტებად“ წოდებული ჯგუფის წევრები არიან.
24 ივლისის აქციის მომწყობმა ყურანი ფეხით გათელა და მას ცეცხლი ერაყის დროშასთან ერთად წაუკიდა.
ერაყის დედაქალაქ ბაღდადში 22 ივლისს რამდენიმე ათასი ადამიანი მონაწილეობდა სკანდინავიის ორ ქვეყანაში ყურანის დაწვის წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო დემონსტრაციაში. ბაღდადის აქციები ორგანიზებული იყო ერაყის, უპირატესად ირანთან დაკავშირებული, პარტიებისა და შეიარაღებული გაერთიანების მიერ. ირანის უზენაესმა ლიდერმა აიათოლა ალი ხამენეიმ 22 ივლისს თქვა, რომ ყურანის შეურაცხმყოფები „უმკაცრესად უნდა დაისაჯონ“.


