ყირიმის სამხედრო ობიექტზე დრონით დარტყმის შემდეგ მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყეს
24/07/2023 11:09:24 მსოფლიო
ყირიმში, ჯანკოის რაიონში მდებარე სამხედრო ობიექტზე დრონით დარტყმის შემდეგ მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყეს.
ყირიმის ე.წ. მეთაურის სერგეი აქსიონოვის ინფორმაციით, ამ რაიონში დრონით დარტყმა იყო საბრძოლო მასალების საწყობზე. ევაკუაცია ეხება შემთხვევის ადგილიდან 5 კილომეტრის რადიუსში მდებარე სოფლების მცხოვრებთ. ჯანკოიში სარკინიგზო მიმოსვლა დროებით შეწყდა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ დღეს განაცხადა, რომ გასული ღამის განმავლობაში, „კიევის რეჟიმმა 17 უპილოტო საფრენი აპარატით სცადა ტერორისტული შეტევა ობიექტებზე ყირიმის ნახევარკუნძულის ტერიტორიაზე“.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო კონკრეტულ ობიექტებს არ ასახელებს და ირწმუნება, რომ "17 დრონიდან 14 ჩაახშეს რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებებით, მათგან 11 შავ ზღვაში ჩავარდა, 3 კი - ნახევარკუნძულის ტერიტორიაზე. კიდევ 3 დრონი ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის საშუალებებით გაანადგურეს". რუსეთის ოფიციალური ინფორმაციით, დრონებით შეტევის შედეგად არავინ დაშავებულა.
მიმდინარე თევში ყირიმზე დრონებით რიგით მე–6 შეტევის თაობაზე იუწყებიან.
ცნობისთვის: 17 ივლისს დრონებით დარტყმა იყო ყირიმის ხიდზე, რომელიც ანექსირებულ რეგიონს რუსეთის კრასნოდარის მხარესთან აკავშირებს. 18 ივლისს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ „აღკვეთეს კიევის რეჟიმის მცდელობა 28 უპილოტო საფრენი აპარატით განეხორციელებინა ტერორისტული შეტევა ყირიმის ნახევარკუნძულის ობიექტებზე“. 19 ივლისს, დრონებით დარტყმის შედეგად აფეთქება მოხდა ყირიმის აღმოსავლეთში, კიროვის რაიონში მდებარე სამხედრო პოლიგონზე. 20 ივლისს, ყირიმის ე.წ. მეთაურმა სერგეი აქსიონოვმა ტელეგრამით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ყირიმის ჩრდილო-დასავლეთში მდებარე ერთ-ერთ დასახლებულ პუნქტში, დრონით დარტყმის შედეგად დაიღუპა 1 ადამიანი და დაზიანებულია 4 ადმინისტრაციული შენობა. 22 ივლისს, ყირიმის კრასნოგვარდეისკის რაიონში დრონით დარტყმა იყო საბრძოლო მასალების საწყობზე.
რუსეთი უკრაინას ადანაშაულებს ყირიმზე „ტერორისტულ შეტევებში". კიევი ბრალდებებს ოფიციალურად არ ადასტურებს. უკრაინის ყირიმის ნახევარკუნძული რუსეთს მიერ 2014 წლიდანაა ანექსირებული.


