პოლონეთში Leopard-ების სარემონტო ქარხანა ამოქმედდა
24/07/2023 11:04:46 მსოფლიო
პოლონეთში Leopard–ს ტიპის ტანკების სარემონტო ქარხანა ამოქმედდა, რომელიც უკრაინის არმიას რუსეთთან ომის დროს დაზიანებული ტანკების აღდგენაში მოემსახურება.
ამის შესახებ პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა მარიუშ ბლაშჩაკმა სოციალურ ქსელში დაწერა და აღნიშნა, რომ პირველი ორი Leopard სარემონტოდ უკრაინიდან პოლონეთში უკვე ჩაიტანეს.
უფრო ადრე გერმანული მედია წერდა ევროპის სარემონტო ჰაბის შექმნასთან დაკავშირებულ პრობლემებზე, რომელთა გამოც მაისის თვეში ვერ მოხერხდა ობიექტის გახსნა.
ქარხნის გახსნის იდეა იმაში მდგომარეობდა, რომ გერმანიის მიერ უკრაინისთვის გადაცემული Leopard–ები უნდა გარემონტებულიყო ტანკების გერმანული მწარმოებლის, კომპანია Rheinmetall и Krauss-Maffei Wegmann-ისა (KMW) და პოლონეთის სახელმწიფო ჯავშანსატანკო კომპანია PGZ-ის ერთობლივი მონაწილეობით. სარემონტო ჰაბის გახსნის შეფერხების ძირითადი მიზეზი გახდა რემონტის, ტექნიკურ მომსახურებასა და გარანტიასთან დაკავშირებული ხარჯების ირგვლივ წარმოქმნილი უთანხმოება. როგორც უკრაინული ინტერნეტ გამოცემა „ევროპეისკაია პრავდა“ წერდა, ვარშავამ თითქოს ბერლინისთვის მისაღებ ფასზე 10-ჯერ უფრო მეტი მოითხოვა.
გერმანული გამოცემა Spiegel-ის ცნობით, პრობლემა მხოლოდ ფასში არ იყო. გერმანელი ტანკების მშენებლები, სავარაუდოდ, აცხადებდნენ, რომ ტანკების სარემონტო ჰაბის გარშემო დავა პოლიტიკურად იყო მოტივირებული. როგორც Reuters აღნიშნავს, ჯერ კიდევ გაურკვეველია, არის თუ არა პოლონეთის გლივიცეში შექმნილი ცენტრი სწორედ ის პოლონურ-გერმანული ერთობლივი საწარმო, რომელიც ადრე განიხილებოდა.


