სტოლტენბერგი რუსეთს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს თავდასხმები კულტურულ ძეგლებზე, მშვიდობიან მოსახლეობასა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე
24/07/2023 07:02:25 მსოფლიო
ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი რუსეთს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს თავდასხმები უკრაინაში მდებარე კულტურულ ძეგლებზე, მშვიდობიან მოსახლეობასა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე.
„გენერალური მდივანი მკაცრად გმობს რუსეთის სარაკეტო თავდასხმას ოდესაზე, რამაც გამოიწვია მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვა, დააზიანა იუნესკო-ს მიერ დაცული ფერისცვალების ტაძარი და სხვა ისტორიული შენობები ოდესის ისტორიულ ცენტრში, რომელიც მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლია. გარდა იმ საშინელი დანაკარგებისა, რომელსაც ომი სამოქალაქო პირების სიცოცხლეს უქმნის, ეს არის მორიგი თავდასხმა მსოფლიო მემკვიდრეობის კონვენციით დაცულ ტერიტორიაზე“, – ნათქვამია გენმდივნის განცხადებაში.
მისივე თქმით, 2022 წლის 24 თებერვლიდან იუნესკო-მ დაადასტურა, რომ უკრაინაში 270 კულტურული ობიექტი დაზიანდა, მათ შორის 116 რელიგიური ადგილი.
„გენერალური მდივანი მოუწოდებს რუსეთს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს თავდასხმები კულტურულ საკუთრებაზე, მშვიდობიან მოსახლეობასა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე“, – აღნიშნულია განცხადებაში.
გუშინ რუსეთმა იერიში მიიტანეს ოდესის ცენტრზე. სარაკეტო დარტყმების შედეგად დაიღუპა ერთი და დაშავდა 22 ადამიანი, მათ შორის ოთხი ბავშვი. სარაკეტო იერიშის შედეგად, მათ შორის დაზიანდა ოდესის ყველაზე დიდი მართლმადიდებლური ტაძარი – ფერისცვალების საკათედრო ტაძარი.


