ბლინკენი: რუსეთის მიზანი უკრაინის რუკიდან წაშლა იყო, ეს გეგმა დიდი ხნის წინ ჩაიშალა
24/07/2023 06:10:56 მსოფლიო
აშშ-ის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენის განცხადებით, რუსეთის მიზანი უკრაინის რუკიდან წაშლა იყო, ეს გეგმა დიდი ხნის წინ ჩაიშალა. ამის შესახებ მან CNN-თან ინტერვიუში ისაუბრა.
მისი თქმით, კიევმა ამჟამინდელი კონტრშეტევით დაიბრუნა მნიშვნელოვანი ტერიტორია, რომელიც თავდაპირველად მოსკოვს სრულმასშტაბიანი შეჭრის შედეგად ჰქონდა ხელში ჩაგდებული.
"კრემლის მიზანი იყო უკრაინის რუკიდან წაშლა, მისი დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის აღმოფხვრა, რუსეთის შემადგენლობაში შეყვანა. ეს გეგმა დიდი ხნის წინ ჩაიშალა", – განაცხადა ბლინკენმა.
როგორც მან აღნიშნა, "უახლოეს თვეებში მოსალოდნელია ხანგრძლივი, ძალიან მძიმე ბრძოლა":
„რუსებისგან განსხვავებით, უკრაინელები იბრძვიან თავიანთი მიწისთვის, მომავლისთვის, ქვეყნისთვის, თავისუფლებისთვის. ომი, რომელიც ახლა უკვე 500 დღეზე მეტ ხანს მიმდინარეობს, მინიმუმ, რამდენიმე თვე გაგრძელდება".


