მოსკოვი: დრონით შეტევა თავდაცვის სამინისტროს მახლობლადაც იყო
24/07/2023 05:47:39 მსოფლიო
მოსკოვში, მათ შორის თავდაცვის სამინისტროს მახლობლად დრონებით შეტევის შესახებ იუწყებიან.
„დაახლოებით 04:00 საათისთვის დაფიქსირებულია უპილოტო საფრენი აპარატებით დარტყმა ორ არასაცხოვრებელ შენობაზე. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა და არც სერიოზული ნგრევაა", – აცხადებს მოსკოვის მერი სერგეი სობიანინი.
კონკრეტულ ობიექტებს არც რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ასახელებს. უწყების ოფიციალური ინფორმაციით, დღეს დილით „აღიკვეთა კიევის რეჟიმის მცდელობა, ორი უპილოტო საფრენი აპარატით განეხორციელებინა ტერორისტული შეტევა ობიექტებზე ქალაქ მოსკოვის ტერიტორიაზე“.
თავდაცვის სამინისტრო ირწმუნება, რომ უკრაინული დრონები რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებებით ჩაახშეს და არავინ დაშავებულა.
კრემლის მიერ კონტროლირებული სააგენტოები „ტასი“ და „ინტერფაქსი“ საგანგებო სიტუაციების სამსახურზე დაყრდნობით წერენ, რომ მოსკოვის ცენტრში ორი დრონი ჩამოვარდა, ერთი ლიხაჩოვის პროსპექტზე მდებარე ბიზნეს-ცენტრთან, მეორე კი - პროსპექტ კომსომოლსკაიას 17 ნომერთან. ამ გამზირის მახლობლად მდებარეობს რუსეთის თავდაცვის სამინისტრო.
ტელეგრამ-არხის, SHOT-ის ინფორმაციით, ლიხაჩოვის პროსპექტზე დრონი მოხვდა მრავალსართულიან შენობას, სადაც ფრანგული კომპანიის, „ლერუა მერლენის“ ოფისი მდებარეობს. დაზიანებულია შენობის ზედა სართულები.
ბოლო სამ თვეში მოსკოვსა და მის შემოგარენზე უპილოტო საფრენი აპარატებით რამდენიმე შეტევა იყო.


