გირკინის დაკავების შემდეგ რუსულ არმიაში უკმაყოფილებას ელიან
22/07/2023 16:45:31 მსოფლიო
დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, რუსი სამხედრო ბლოგერის, სამხედრო დამნაშავე იგორ გირკინს (სტრელკოვი) დაკავება რუსეთის ჯარში უკმაყოფილების მაპროვოცირებელი გარემოება შეიძლება, გახდეს.
დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ცნობით, იგორ გირკინის დაკავება რუსეთის თავდაცვის სამინისტროს კრიტიკასთან არის დაკავშირებული.
„გირკინი დიდი ხანი აკრიტიკებდა რუსეთის პოლიტიკურ და სამხედრო ხელმძღვანელობას, მაგრამ ბოლო დროს ეს რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის და მისი ხელისუფლებაში ყოფნის წინააღმდეგ პირდაპირ კრიტიკაში გადაიზარდა“, - ნათქვამია დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ანგარიშში.
გირკინს "ექსტრემიზმისკენ მოწოდებას" ედავებიან. ამჟამად ის წინასწარ პატიმრობაში იმყოფება.
იგორ გირკინი რუსეთის სპეცსამსახურების ყოფილი თანამშრომელია. მან პოპულარობა მოიპოვა, როგორც რუსი სამხედროების რაზმის მეთაურმა, რომელმაც 2014 წლის აპრილში უკრაინის დონეცკის ოლქის ქალაქი სლოვიანსკი დაიპყრო. გარდა ამისა, მის სახელს უკავშირდება ჩენეთის ომის დროს სოფლების ე.წ. "წმენდა", რაც ადამიანების გატაცებას და წამებას გულისხმობს.
2022 წლის ნოემბერში ჰააგის სასამართლომ იგი და სხვა ბრალდებულები დამნაშავედ სცნო 2014 წელს დონბასის საჰაერო სივრცეში Boeing MH17-ის ჩამოგდებაში და 298 ადამიანის მკვლელობაში. სტრელკოვი მხარს უჭერს უკრაინის წინააღმდეგ ომს და ასევე მკვეთრად აკრიტიკებს რუსეთის ხელისუფლებას. მან ასევე შეურაცხმყოფელი გამოთქმებით უპასუხა „ვაგნერის“ ხელმძღვანელ ევგენი პრიგოჟინს და მის ქმედებებს კონსტიტუციური წესრიგისთვის შექმნილი საფრთხე უწოდა.


