ისრაელმა რუსეთს დეზინფორმაციის კამპანიის შეწყვეტა მოსთხოვა
21/07/2023 18:42:34 მსოფლიო
ისრაელის სპეცსამსახურებმა მოთხოვნით მიმართეს რუსეთის სპეცსამსახურებს, შეწყვიტონ ისრაელის საზოგადოების დეზინფორმაციის კამპანია, – იუწყება გამოცემა Ynet.
მედია ყურადღებას აქცევს იმ ფაქტს, რომ სოციალური ქსელების ისრაელის სეგმენტში პრორუსული პროპაგანდის შემცველი ბევრი ცნობა გაჩნდა, რომლებიც უკრაინისადმი მხარდაჭერის შეწყვეტისკენ მოწოდებებს შეიცავენ. თუმცა, როგორც ებრაული მედია იტყობინება, ბოლო ხანს გაჩნდა პროვოკაციული ცნობებიც, რომლებიც ისრაელის შიდა უთანხმოებებს ეხება პოლიტიკური კრიზისისა და მოსალოდნელი სასამართლო რეფორმის ფონზე.
ისრაელის სპეცსამსახურები უკვე მეორედ უგზავნიან შეტყობინებას რუსეთს იმ მოთხოვნით, რომ ის ისრაელის შიდა საქმეებში არ ჩაერიოს. პირველად რუსეთის დაზვერვას დაუკავშირდნენ ისრაელში ბოლო საპარლამენტო არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე ( გასული წლის ნოემბერში). მაშინ სოციალური ქსელების ისრაელურ სეგმენტში შეიმჩნეოდა ე.წ. ინტერნეტ–ტროლების აქტივობაც.
ცნობები ისრაელის მოქალაქეთა დეზინფორმაციის კამპანიის შესახებ სასამართლო რეფორმის წინააღმდეგ მასობრივი აქციების ფონზე გაჩნდა. ხელისუფლება ქვეყნის სასამართლო სისტემის რეორგანიზაციას ცდილობს.
ბენიამინ ნეთანიაჰუს კაბინეტის მიერ შემოთავაზებული ცვლილებები პირველ რიგში, უზენაესი სასამართლოს უფლებამოსილებებს შეზღუდავს. 1948 წელს სახელმწიფოს დაარსების დღიდან, უზენაესი სასამართლო კონსტიტუციური ზედამხედველობის ორგანოს როლს ასრულებდა, რადგან ქვეყანას კონსტიტუცია და საკონსტიტუციო სასამართლო არ აქვს. უზენაეს სასამართლოს შეუძლია, გააკონტროლოს მთავრობის ქმედებები და კანონების მიღება დაბლოკოს . თუ მთავრობა რეფორმას განახორციელებს, უზენაესი სასამართლოს ნებისმიერი ვეტოს დაძლევა უბრალო საპარლამენტო უმრავლესობით, 61 ხმით იქნება შესაძლებელი. კოალიციას ნეთანიაჰუს მეთაურობით 65 ადგილი აქვს ქნესეთში, ამიტომ მას ნებისმიერი კანონის მიღება და გაუქმება შეეძლება.
ნეთანიაჰუ არსებულ ვითარებას ანტიდემოკრატიულად მიიჩნევს, რადგან სასამართლოს შეუძლია ხალხის მიერ არჩეული პარლამენტის ქმედებების შეზღუდვა. რეფორმის კრიტიკოსებს მიაჩნიათ, რომ ეს რეფორმა მთლიანად გაუხსნის ხელებს ნეთანიაჰუს მთავრობას, რომელიც თავად არის დადანაშაულებული კორუფციაში სისხლის სამართლის რამდენიმე საქმეში.


