
კოკა მორგოშიას 80 წლის მამიდამ "ალტ-ინფოში" 2022 წელს 1 000 000 ლარი შეიტანა
21/07/2023 12:23:06 საზოგადოება
ტელეკომპანია "ალტ-ინფოს" შემოსავალი 2022 წელს თითქმის 1 000 000 ლარი იყო. ამ თანხის 99,8% კი მფლობელის შემოწირულობაა, – იუწყება "რადიო თაავისუფლება" კომუნიკაციების კომისიის მონაცემებზე დაყრდნობით.
საჯარო რეესტრის მონაცემებით, ტელეკომპანია "ალტ-ინფოს" 50% კოკა მორგოშიას მამიდას, ციალა მორგოშიას ეკუთვნის, დანარჩენი 50% კი ალექსანდრე ქარდავას.
ტელეკომპანია "ალტ-ინფო" ჰომოფობიური და პრორუსული პოლიტიკური პარტია "კონსერვატიული მოძრობის" ლიდერების დაფუძნებული არხია, რომლიც ფინანსდება ერთ-ერთი ლიდერის კოკა მორგოშიას მამიდის სახელით, – იტყობინება "რადიო თავისუფლება". ამ ჯგუფის ორგანიზებით თბილისში არაერთი აქცია გაიმართა, რომელიც შემდეგ ძალადობაში გადაიზარდა.
"კოკა მორგოშიას მამიდა 80 წლის, პენსიონერი ციალა მორგოშიაა. სწორედ ის არის თანხის ოფიციალური შემტანი ტელეკომპანია "ალტ-ინფოში", რომლის ეთერიდანაც მუდმივად ისმის ანტიდასავლური და რუსეთის მხარდამჭერი განცხადებები.
"[მამიდაჩემის] პირადი დანაზოგიდან მიდის თანხა, რომელიც აისახება [ტელევიზიის] ანგარიშზე... მამიდაჩემის წარმომადგენლობა აქვს რამდენიმე ადამიანს და ისინი ახორციელებენ ამას... ამ რეალობაში ყველაფერი შეიძლება მოხდეს, მაგრამ "ალტ-ინფოსთვის" შექმნილი პრობლემა მის გაძლიერებას ნიშნავს. ყოველთვის ნახავს [დაფინანსების] გზას", - ამბობს მორგოშია.
2023 წლის პირველ სამ თვეში "ალტ-ინფოს" დამფუძნებლისგან 208,5 ათასი ლარი აქვს მიღებული. ზუსტად 1 წლის წინ კი არხს ფინანსური კრიზისი ჰქონდა და მაუწყებლობის შეჩერების საფრთხის წინაშე იდგა", – იტყობინება "რადიო თაავისუფლება".