უკრაინის კულტურისა და საინფორმაციო პოლიტიკის მინისტრი თანამდებობას ტოვებს
21/07/2023 06:27:53 მსოფლიო
უკრაინის კულტურისა და საინფორმაციო პოლიტიკის მინისტრმა ალექსანდრე ტკაჩენკომ თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განაცხადა. მან მიზეზად კულტურის სახელმწიფო დაფინანსებასთან დაკავშირებული უთანხმოება დაასახელა.
„კერძო და სახელმწიფო ფული ომის დროს კულტურისთვის არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე დრონებისთვის. რადგან კულტურა ჩვენი იდენტობის და ჩვენი საზღვრების ფარია. ეს არის ჩემი პრინციპული პოზიცია“, - დაწერა ტკაჩენკომ სოციალურ ქსელში.
მანამდე, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ პრემიერ-მინისტრ დენის შმიგალთან კულტურული პროექტების სახელმწიფო დაფინანსების შემცირების საკითხი განიხილა.
„ასეთი ომის დროს სახელმწიფოს მაქსიმალური ყურადღება და, შესაბამისად, სახელმწიფოს რესურსები თავდაცვისკენ უნდა მიემართებოდეს. ყოველი პროექტი, რომელიც შეიძლება, განხორციელდეს არასაბიუჯეტო რესურსებით, უნდა განხორციელდეს არასაბიუჯეტო რესურსებით. ეს ეხება სხვადასხვა სფეროს, მათ შორის – კულტურის სექტორს. მუზეუმები, კულტურული ცენტრები, სიმბოლოები, სერიალები მნიშვნელოვანია, მაგრამ ახლა სხვა პრიორიტეტებია. მოძებნეთ არასაბიუჯეტო სახსრები“, - განაცხადა ზელენსკიმ.
მანვე განაცხადა, რომ პრემიერს კულტურის მინისტრის შემცვლელის მოძებნა დაავალა.
ტკაჩენკო ტელეგრამ–არხზე წერს, რომ პრეზიდენტის განცხადების შესახებ მას შემდეგ შეიტყო, რაც გადადგომის თაობაზე შმიგალისადმი განცხადება უკვე გაგზავნილი ჰქონდა.
13 ივლისს უკრაინის უმაღლესმა რადამ მხარი დაუჭირა „ჰოლოდომორის გენოციდის“ ეროვნული მუზეუმის მშენებლობის დასასრულებლად სახსრების გამოყოფას. ამან საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია. ხელისუფლებას მოუწოდეს, "საბიუჯეტო სახსრები სასიცოცხლოდ აუცილებელ საჭიროებებში ჩადოს - დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენაში, მედიცინასა და განათლებაში და არა მუზეუმებსა და ძეგლებში, რომელთა გარეშე ცხოვრებაც შესაძლებელია ომის დრო".


