ზელენსკი: რუსეთმა და ყველამ, ვინც გაბედავს ტერორისტების დახმარებას, უნდა იგრძნოს სანქციების ზეწოლა
21/07/2023 06:05:55 მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკმა მადლობა გადაუხადა ქვეყნებს, რომლებმაც რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები გაახანგრძლივეს.
„რუსეთმა და მსოფლიოში ყველამ, ვინც გაბედავს ტერორისტების დახმარებას, უნდა იგრძნოს სანქციების მუდმივად მზარდი ზეწოლა, იქნება ეს ფიზიკური პირები, კომპანიები თუ ქვეყნები“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
მისი თქმით, რუსეთმა უკრაინის ქალაქებზე ოდესაზე, მიკოლაივზე და სამხრეთის სხვა დასახლებებზე თავდასხმების დროს, მხოლოდ ბოლო 4 დღის განმავლობაში სხვადასხვა ტიპის თითქმის 70 რაკეტა და Shahed-ის 90 დრონი გამოიყენა.
„რა თქმა უნდა, ჩვენმა ჯარისკაცებმა მოახერხეს მტრის ზოგიერთი რაკეტისა და დრონის ჩამოგდება და ამისთვის მადლობას ვუხდი ჩვენი ცის თითოეულ დამცველს. სამწუხაროდ, უკრაინის საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობები ჯერ კიდევ არ არის საკმარისი იმისათვის, რომ უკრაინის მთელი ცა დაიცვას“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
მისი თქმით, უკრაინა მუშაობს პარტნიორებთან საჰაერო თავდაცვის დამატებითი სისტემების მისაღებად, რომლებიც უზრუნველყოფენ ოდესისა და ქვეყნის სხვა ქალაქების დაცვას.


