თეთრი სახლი: უკრაინა ეფექტურად იყენებს კასეტურ საბრძოლო მასალას
20/07/2023 19:37:26 მსოფლიო
ამერიკული კასეტური საბრძოლო მასალები უკვე არის უკრაინის ბრძოლის ველზე,– ეს ინფორმაცია თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა ჯონ კირბიმ დაადასტურა, იუწყება Reuters.
მისი თქმით, უკრაინელები მათ სწორად იყენებენ, შესაბამისად, საბრძოლო მასალა გავლენას ახდენს რუსეთის თავდაცვით დაჯგუფებებზე და რუსების თავდაცვით მანევრირებაზე.
„ჩვენ მივიღეთ უკრაინელებისგან თავდაპირველი გამოხმაურება და ისინი საკმაოდ ეფექტურად იყენებენ მას“, - განაცხადა კირბიმ ბრიფინგზე.
მანამდე The Washington Post უკრაინელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერდა, რომ უკრაინელმა სამხედროებმა უკვე დაიწყეს კასეტური საბრძოლო მასალის გამოყენება უკრაინის სამხრეთ–აღმოსავლეთ რეგიონში.
შეერთებულმა შტატებმა 7 ივლისს გამოაცხადა უკრაინისთვის 800 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარების პაკეტი, რომელიც პირველად მოიცავდა კასეტურ საბრძოლო მასალებს.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ თუკი უკრაინა კასეტურ საბრძოლო მასალას გამოიყენებს, რუსეთი ადეკვატურად იმოქმედებს, თუმცა, გაერო-ს ცნობით, რუსეთმა უკრაინაში შეჭრის შემდეგ კასეტური საბრძოლო მასალა უკრაინის დასახლებულ რაიონებში არაერთხელ გამოიყენა.
კასეტური ბომბები კანონით 120-ზე მეტ ქვეყანაშია აკრძალული, თუმცა ამ ქვეყნებს შორის უკრაინა და რუსეთი არ არიან.


