ჩინეთმა დაადასტურა, რომ რუსების მიერ ოდესის დაბომბვისას მისი საკონსულო დაზიანდა
20/07/2023 19:57:01 მსოფლიო
ოდესაზე რუსების მიერ განხორციელებული საჰაერო იერიშის შედეგად ჩინეთის საკონსულოც დაზიანდა, - ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი გუბერნატორი ოლეგ კიპერი ავრცელებს.
გუბერნატორის განცხადებით, რუსეთი მიზანმიმართულად ბომბავს საპორტო ინფრასტრუქტურას და ასევე აზიანებს მის გარეშე არსებულ ადმინისტრაციულ და საცხოვრებელ ინფრასტრუქტურას.
"აგრესორი მიზანმიმართულად ბომბავს პორტის ინფრასტრუქტურას, იქვე მდგარი ადმინისტრაციული და საცხოვრებელი შენობებიც დაზიანდა, ასევე დაზიანდა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საკონსულოც. როგორც ჩანს, მტერი არაფერს არ აქცევს ყურადღებას", - წერს გუბერნატორი Telegram-ზე.
ინფორმაცია დაადასტურეს ჩინეთის საგარეო უწყებაში:
"ოდესაში ჩინეთის გენერალურ საკონსულოსთან აფეთქება მოხდა. აფეთქების ტალღამ კედლის ნაწილი და ფანჯრის მინები ჩამოაგდო. საკონსულოს თანამშრომლებმა შენობა დიდი ხნის წინ დატოვეს, არავინ დაშავებულა“.
საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა დასძინა, რომ ჩინეთი ყურადღებით აკვირდება მოვლენებს და დაინტერესებულ მხარეებთან არის კონტაქტში:
"ჩვენ მივიღებთ ყველა საჭირო ზომას უკრაინაში ჩინეთის ინსტიტუტებისა და მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად".
შეგახსენებთ, რომ რუსმა ოკუპანტებმა ოდესა გამთენიისას დაბომბეს. არის მსხვერპლი.


