
ანანია გაჩეჩილაძე, რომელიც შალვა რამიშვილს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს, დახმარების თხოვნით ომბუდსმენს მიმართავს
20/07/2023 13:47:33 საზოგადოება
კომპანია "აიისას" დამფუძნებელი ანანია გაჩეჩილაძე, რომელიც ტელეკომპანია POSTV-ის დირექტორ შალვა რამიშვილს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს, დახმარების თხოვნით ომბუდსმენს მიმართავს.
როგორც ანანია გაჩეჩილაძე ამბობს, მან შალვა რამიშვილი 3 თვის წინ ამხილა და გამოძიებას იგი ამ დრომდე არც კი გამოუკითხავს. გაჩეჩილაძის თქმით, იმედოვნებს, რომ სახალხო დამცველი დაადგენს, რომ იყო სექსუალური შევიწროების მსხვერპლი შალვა რამიშვილის მხრიდან.
"ვაპირებ, გასაჯაროვდეს ჩანაწერი სრულად, რაც არის ამ საქმეში მთავარი არგუმენტი, რადგან მინდა, რომ საზოგადოების ნებისმიერმა წევრმა, ვისაც ექნება სურვილი სრულ ჩანაწერს მოუსმინოს და ამ გამჭვირვალობით დავიცვა საკუთარი ინტერესები. [...] მოლოდინი სახალხო დამცველისგან მაქვს შემდეგნაირი, რომ საბოლოო დასკვნა, რომელიც ეჭვი არ მეპარება, რომ უნდა იყოს სექსუალური შევიწროების ფაქტის დადგენა ჩემს სასარგებლოდ, შალვა რამიშვილი უნდა იქნას მხილებული ოფიციალური დასკვნითაც, იქნება და უნდა იყოს იმ სტანდარტით, რაც ახასიათებდა სახალხო დამცველის აპარატს აქამდე", - აცხადებს ანანია გაჩეჩილაძე.
ცნობისთვის: შალვა რამიშვილი სექსუალურ შევიწროებაში რამდენიმე ქალმა დაადანაშაულა, მათ შორის ერთ–ერთი თათია სამხარაძეა. მან რამიშვილს ტელეკომპანია "იმედში" ყოფნის დროს (2016 წელს) სასამართლოში უჩივლა. 2018 წლის 3 იანვარს შალვა რამიშვილს სექსუალური შევიწროების საქმეზე საქალაქო სასამართლომ მორალური ზიანის ასანაზღაურებლად 2 000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა. რამიშვილმა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა, თუმცა მოსამართლემ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. ორი ინსტანციის გადაწყვეტილება რამიშვილს უზენაეს სასამართლოში აღარ გაუსაჩივრებია. შალვა რამიშვილი ბრალდებებს უარყოფს.