ყაზახეთმა და ყირგიზეთმა აღიარეს კერძო კომპანიების მხრიდან რუსეთისთვის სანქცირებული პროდუქციის მიწოდება
20/07/2023 13:37:12 მსოფლიო
ყირგიზეთის სახელმწიფო სტრუქტურები არ არიან ჩართული დასავლეთის ქვეყნების მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების დარღვევაში, – განუცხადა რესპუბლიკის ეროვნული უსაფრთხოების სახელმწიფო კომიტეტის პრეს–სპიკერმა რუსეთის სახელმწიფო სააგენტო "რია ნოვოსტის".
იმავდროულად უწყებაში განმარტეს, რომ სახელმწიფო კომიტეტი აღიარებს კერძო კომპანიების შესაძლო მონაწილეობას სანქციების გვერდის ავლაში, ამიტომ, ყირგიზეთის ეროვნული უსაფრთხოების სახელმწიფო კომიტეტმა დაიწყო გამოძიება და შესაბამისი ზომების მიღების პირობა დადო.
გარდა ამისა, ყაზახეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალმას აიდაროვმა WP-ის სტატიის კომენტირებისას ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ყაზახეთი რუსეთთან ვაჭრობისას ბევრს მუშაობს, რათა თავიდან აიცილოს ე.წ. მეორადი დასავლური სანქციები.
„ელექტრონული ანგარიშფაქტურებით კონტროლდება ყველა სანქცირებული საქონელი, რომელიც რუსეთს მიეწოდება ყაზახეთის გავლით ან ყაზახეთიდან. თუ ჩვენ ვხედავთ ასეთ რისკებს, თუ ვლინდება "ერთდღიანი" კომპანიები, რომლებიც ზრდიან ასეთი პროდუქციის მოცულობას, ჩვენ ვიღებთ პრევენციულ ზომებს მათ შესაჩერებლად“, - თქვა მინისტრის მოადგილემ.
ერთი დღით ადრე The Washington Post ინფორმირებული ამერიკელი ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერდა, რომ თეთრი სახლი ამზადებს ეკონომიკურ ზომებს, რათა აიძულოს ყირგიზეთი, შეწყვიტოს სანქცირებული საქონლის რუსეთში ექსპორტი. ღია დოკუმენტების მიხედვით, ყირგიზეთიდან რუსეთში საქონლის გაყიდვის მოცულობა 2022 წელს 2021 წელთან შედარებით 250%-ით გაიზარდა.
სავაჭრო დოკუმენტებმა ასევე აჩვენა, რომ ყირგიზული კომპანიები ყიდულობენ ელექტრონიკას, მათ შორის სპეციალიზებულ ნახევარგამტარებს და ძაბვის გამაძლიერებლებს ჩინური და სამხრეთ კორეული კომპანიებისგან და შემდეგ გადააქვთ რუსეთში, მათ შორის თავდაცვის ინდუსტრიაში გამოსაყენებლად. ასეთი მიწოდების ჯაჭვები, როგორც WP განმარტავს, მიუთითებს პროცესში რუსეთის სადაზვერვო სააგენტოების ჩართულობაზე, რომლებიც მუშაობენ სანქციების გვერდის ავლით.
ყირგიზეთის საელჩომ ვაშინგტონში აღიარა სანქციების დარღვევის შემთხვევები, მაგრამ კრიტიკოსებს სთხოვა, გაითვალისწინონ რეალური ეკონომიკური კონტექსტი და ქვეყნის ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრობა.
ყაზახეთის ვაჭრობის მინისტრმაც, რომელიც ასევე დაადანაშაულეს რუსეთის დახმარებაში, დაადასტურა ორმაგი დანიშნულების საქონლის გადაზიდვა, რომელიც შეიძლება, გამოყენებულ იქნას სამხედრო მიზნებისთვის. მისი თქმით, ქვეყანა "მუშაობს ამ საკითხზე" და დაარწმუნა, რომ კომპანიები, რომლებიც ახორციელებენ იმგვარი პროდუქციის გადაზიდვას, როგორიცაა მიკროსქემები, გაძლიერებული კონტროლის ქვეშ არიან – დაინერგა სპეციალური ელექტრონული და ლოგისტიკური კონტროლი.


