ყირიმში რუსულ ავიაბაზებთან აფეთქებების შესახებ იუწყებიან
20/07/2023 12:48:16 მსოფლიო
რუსული ტელეგრამ– არხები ნოვოფედოროვკას სამხედრო აეროდრომთან აფეთქებების სესახებ იუწყებიან. რუსეთის ხელისუფლებას ამ ცნობებზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.
გარდა ამისა, აფეთქებების ხმები ისმოდა ყირიმის სიმფეროპოლის რაიონის სოფელ გვარდეისკოიეს მახლობლად. მოგვიანებით, ანექსირებული ყირიმის რუსმა ხელმძღვანელმა სერგეი აქსიონოვმა განაცხადა, რომ ყირიმის ცენტრალურ ნაწილში ერთი დრონი ჩამოაგდეს.
„ყირიმის ცენტრალურ ნაწილში საჰაერო თავდაცვის ძალებმა მტრის დრონი ჩამოაგდეს. მსხვერპლი და ნგრევა არ ყოფილა. ყველას ვთხოვ, შეინარჩუნონ სიმშვიდე და ენდონ მხოლოდ ოფიციალურ საინფორმაციო წყაროებს“, - აცხადებს აქსიონოვი.
სოფელ გვარდეისკოესთან არის რუსული ავიაბაზა. აქ მდებარეობს რუსეთის საჰაერო კოსმოსური ძალების 37-ე შერეული საავიაციო პოლკი, რომელიც შედგება ორი ესკადრილიისგან – Su-24M და Su-25SM (თითოეული 12 თვითმფრინავი). 2022 წლის 16 აგვისტოს ავიაბაზასთან აფეთქებები მოხდა. ყირიმში რუსეთის ხელისუფლებას ამ თემაზე კომენტარი არ გაუკეთებია. კიდევ ერთი აფეთქება მოხდა 2023 წლის 29 მარტს.
ნოვოფედოროვკას მახლობლად მდებარეობს ავიაბაზა "საკი". ეს არის პირველი კლასის სამხედრო აეროდრომი ყირიმში, სადაც NITKA სასწავლო კომპლექსია განლაგებულია. 2014 წლიდან იქ განთავსებულია რუსეთის საჰაერო ძალების 43-ე გამანადგურებელი საავიაციო პოლკი შეიარაღებული სუ-24 ბომბდამშენებითა და სუ-30 გამანადგურებლებით. თვითმფრინავები ამ აეროდრომიდან გამოიყენებოდა უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი სამხედრო შეჭრის დროს, განსაკუთრებით სამხრეთ რეგიონებზე თავდასხმებისთვის.
2022 წლის აგვისტოდან ყირიმსა და სევასტოპოლში აფეთქებების ხმები თითქმის ყოველდღიურად ისმის.


