Accentnews.ge
ბრიტანული დაზვერვა: შავი ზღვის პორტების ბლოკირება საფრთხეს თავად რუსეთის ფლოტს შეუქმნის

ბრიტანული დაზვერვა: შავი ზღვის პორტების ბლოკირება საფრთხეს თავად რუსეთის ფლოტს შეუქმნის

20/07/2023 08:29:37 მსოფლიო

ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ კომენტარი გააკეთა "მარცვლეულის გარიგებაზე" რუსეთის უარზე, გადაწყვეტილების მიზეზებსა და შედეგებზე.

ბრიტანული დაზვერვა ვარაუდობს, რომ რუსეთის ხელისუფლებამ დიდი ხანია, გადაწყვიტა, არ განაახლოს გარიგება, რადგან ის აღარ აკმაყოფილებს მის ინტერესებს.

20 ივლისის ანგარიშში ნათქვამია, რომ რეალური მიზეზები რუსეთმა დეზინფორმაციით შენიღბა, თითქოს შეთანხმებიდან გასვლა გამოწვეული იყო იმით, რომ სამოქალაქო გემებს საფრთხე ემუქრებოდათ "უკრაინული ნაღმებით" და რომ თითქოს კიევი მარცვლეულის დერეფანს სამხედრო მიზნებისთვის იყენებდა.

როგორც ბრიტანული დაზვერვა აღნიშნავს, შავი ზღვის პორტების ბლოკადა საფრთხეს თავად რუსეთის ფლოტს უქმნის. რუსეთის საზღვაო ძალების გემები, რომლებიც ბლოკადაში არიან ჩართული, თავს დაესხმებიან უკრაინის საზღვაო დრონებს და სანაპირო თავდაცვის ფრთოსან რაკეტებს.

მანამდე თეთრი სახლი გამოვიდა გაფრთხილებით, რომ რუსეთმა შესაძლოა, შავ ზღვაში სამოქალაქო გემებზე თავდასხმა განახორციელოს.

ეროვნული უშიშროების საბჭოს წარმომადგენლის ადამ ჰოჯის განცხადებით, კრემლმა უკრაინის პორტების მისადგომებთან დამატებითი საზღვაო ნაღმები განათავსა:

"ჩვენი ინფორმაცია იმაზე მიუთითებს, რომ უკრაინის პორტების მისადგომებთან რუსეთმა დამატებითი საზღვაო ნაღმები განათავსა. ჩვენ გვჯერა, რომ ეს არის კოორდინირებული ძალისხმევა შავ ზღვაში განხორციელებული ნებისმიერი თავდასხმის გასამართლებლად და ამ თავდასხმების უკრაინისთვის გადასაბრალებლად".

რუსეთი ხორბლის შეთანხმებიდან გავიდა და სახელმწიფოებს, რომლებიც გარიგების მის გარეშე განახლებას გადაწყვეტენ, სამხედრო რისკებით დაემუქრა. "საუბარია ზონაზე, რომელიც საბრძოლო მოქმედებების რაიონის უშუალო სიახლოვეს მდებარეობს და შესაბამისად, იქ უსაფრთხოების გარანტიების გარეშე გარკვეული რისკები იქმნება" - განაცხადა კრემლის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა.

ამის საპასუხოდ კიევი გამოდის ინიციატივით, უკრაინული ხორბალი უფრო უსაფრთხო მარშრუტით გადაიტანონ - ბულგარეთისა და რუმინეთის წყლების გავლით.

"ეს რისკების მინიმიზირებისთვის ერთ-ერთი შესაძლო ვარიანტია. რა თქმა უნა, აქ აუცილებელია საერთაშორისო თანამეგობრობის პასუხისმგებლობა, რათა ერთის მხრივ, უკრაინას ამ სცენარის რეალიზებაში დაეხმაროს, ხოლო მეორეს მხრივ ზეწოლა მოახდინოს რუსეთზე მისი შესაძლო შეტევების პრევენციისთვის"- განმარტა ვასილი ბოდნარმა.

აღსანიშნავია, რომ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი შავი ზღვის დერეფნის გავლით ხორბლის შეთანხმების რეალიზების რუსეთის გარეშე გაგრძელების ინიციატივით ორიოდ დღის წინ გამოვიდა. მან განმარტა, რომ მხარეებს ორი შეთანხმება აქვთ დადებული: ერთი - უკრაინას, თურქეთსა და გაერო-ს შორის ხოლო მეორე - რუსეთს, თურქეთსა და გაერო-ს. უშუალოდ უკრაინასა და რუსეთს შორის რაიმე პირდაპირი შეთანხმებეიბ არ ყოფილა, ამდენად, ზელენსკიმ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს თურქეთისა და გაეროსთვის გარიგების რუსების გარეშე რეალიზების გაგრძელება შესთავაზა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S