საპროტესტო აქციის მონაწილეები ერაყში, შვედეთის საელჩოში შეიჭრნენ
20/07/2023 08:12:37 მსოფლიო
ასობით მომიტინგე ერაყში მდებარე შვედეთის საელჩოში შეიჭრნენ. აღნიშნული შვედური მედიის მიერ გავრცელებულ ცნობას მოჰყვა, რომლის თანახმად, სტოკჰოლმში, ერაყის საელჩოსთან ყურანის დაწვა იგეგმებოდა.
ერაყში აქცია შიიტი სასულიერო პირის მუქტადა სადრის მხარდამჭერების ორგანიზებით გაიმართა.
სააგენტო Reuters შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით იუწყება, რომ საელჩოს თანამშრომლები უსაფრთხოდ არიან. სამინისტროს განცხადებით, დიპლომატიური მისიების დაცვასა და უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი ერაყის ხელისუფლებაა.
ერაყის საგარეო საქმეთა სამინისტრომ შვედეთის საელჩოზე თავდასხმა დაგმო და განაცხადა, რომ მთავრობამ შესაბამის სამსახურებს დაავალა უსაფრთხოების უზრუნველყოფა, საქმის დაუყოვნებლივ გამოძიება და დამნაშავეთა პასუხისგებაში მიცემა.
2023 წლის ივნისში სტოკჰოლმში, ერაყის საელჩოსთან გამართულ საპროტესტო აქციაზე ყურანი დაწვეს. ამ ფაქტმა შვედეთ-თურქეთის ურთიერთობა გააუარესა. აღსანიშნავია, რომ შვედეთს, რომელსაც NATO-ში გაწევრიანება სურს, ალიანსის ყველა წევრის თანხმობა სჭირდება. თურქეთსNATO-ში შვედეთის მისაღებად საჭირო პროცედურა ამ დრომდე არ დაუსრულებია.


