Accentnews.ge
თეთრი სახლი: რუსეთმა შესაძლოა, შავ ზღვაში სამოქალაქო გემებზე თავდასხმა განახორციელოს

თეთრი სახლი: რუსეთმა შესაძლოა, შავ ზღვაში სამოქალაქო გემებზე თავდასხმა განახორციელოს

20/07/2023 07:14:45 მსოფლიო

თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს წარმომადგენლის ადამ ჰოჯის განცხადებით, რუსეთმა შესაძლოა, შავ ზღვაში სამოქალაქო გემებზე თავდასხმა განახორციელოს.

როგორც ჰოჯი აცხადებს, კრემლმა უკრაინის პორტების მისადგომებთან დამატებითი საზღვაო ნაღმები განათავსა.

"ჩვენი ინფორმაცია იმაზე მიუთითებს, რომ უკრაინის პორტების მისადგომებთან რუსეთმა დამატებითი საზღვაო ნაღმები განათავსა. ჩვენ გვჯერა, რომ ეს არის კოორდინირებული ძალისხმევა შავ ზღვაში განხორციელებული ნებისმიერი თავდასხმის გასამართლებლად და ამ თავდასხმების უკრაინისთვის გადასაბრალებლად", - აცხადებს ჰოჯი.

ცნობისთვის: რუსეთი ხორბლის შეთანხმებიდან გავიდა და სახელმწიფოებს, რომლებიც გარიგების მის გარეშე განახლებას გადაწყვეტენ, სამხედრო რისკებით დაემუქრა. "საუბარია ზონაზე, რომელიც საბრძოლო მოქმედებების რაიონის უშუალო სიახლოვეს მდებარეობს და შესაბამისად, იქ უსაფრთხოების გარანტიების გარეშე გარკვეული რისკები იქმნება" - განაცხადა კრემლის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა.

ამის საპასუხოდ კიევი გამოდის ინიციატივით, უკრაინული ხორბალი უფრო უსაფრთხო მარშრუტით გადაიტანონ - ბულგარეთისა და რუმინეთის წყლების გავლით.

"ეს რისკების მინიმიზირებისთვის ერთ-ერთი შესაძლო ვარიანტია. რა თქმა უნა, აქ აუცილებელია საერთაშორისო თანამეგობრობის პასუხისმგებლობა, რათა ერთის მხრივ, უკრაინას ამ სცენარის რეალიზებაში დაეხმაროს, ხოლო მეორეს მხრივ ზეწოლა მოახდინოს რუსეთზე მისი შესაძლო შეტევების პრევენციისთვის"- განმარტა ვასილი ბოდნარმა.

აღსანიშნავია, რომ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი შავი ზღვის დერეფნის გავლით ხორბლის შეთანხმების რეალიზების რუსეთის გარეშე გაგრძელების ინიციატივით ორიოდ დღის წინ გამოვიდა. მან განმარტა, რომ მხარეებს ორი შეთანხმება აქვთ დადებული: ერთი - უკრაინას, თურქეთსა და გაერო-ს შორის ხოლო მეორე - რუსეთს, თურქეთსა და გაერო-ს. უშუალოდ უკრაინასა და რუსეთს შორის რაიმე პირდაპირი შეთანხმებეიბ არ ყოფილა, ამდენად, ზელენსკიმ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს თურქეთისა და გაეროსთვის გარიგების რუსების გარეშე რეალიზების გაგრძელება შესთავაზა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S