რუსული დრონების შემქმნელის ოჯახი ლონდონში ძვირადღირებულ უძრავ ქონებას ფლობს : მედია
20/07/2023 07:08:33 მსოფლიო
რუსული დამრტყმელი დრონების, "ლანცეტის" შემქმნელის – ალექსანდრე ზახაროვის ცოლ-შვილი დაახლოებით 2 მილიონი დოლარის ღირებულების ბინას ფლობს ლონდონის ელიტარულ რაიონში, ბიგ–ბენიდან და ბუკინგემის სასახლიდან 1 კილომეტრში, – იუწყება "ვაჟნიე ისტორიი".
დიდი ბრიტანეთის უძრავი ქონების რეესტრის მიხედვით, ზახაროვის ოჯახმა 100 კვ. მ ფართობის უძრავი ქონება ვესტმინსტერის რაიონში 2018 წელს შეიძინა. ბინას აქვს სამი საძინებელი, მისაღები, სამზარეულო, აივანი. სახლს აქვს სპორტული დარბაზი და სახურავიდან იშლება ბიგ–ბენის ხედი.
გამომძიებელი ჟურნალისტების ცნობით, ამჟამად ამ ბინაში ცხოვრობენ "ლანცეტის" შემქმნელის ცოლი – სვეტლანა და უმცროსი ვაჟი – ლავრენტი.
ჟურნალისტებმა ღია წყაროების მიხედვით გაარკვიეს, რომ ლავრენტი საზღვარგარეთ სულ მცირე 2015 წლიდან ცხოვრობს. 2021 წლის ივლისიდან (იმ დროისთვის დაამთავრა სკოლა, ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯი და ლონდონის ეკონომიკის სკოლა) მუშაობდა გაეროს სააგენტოებში ნიუ-იორკსა და რომში, ხოლო 2023 წლის მაისიდან მუშაობს გაეროს განიარაღების კვლევის ინსტიტუტში (UNIDIR), ჟენევაში.
გამოცემის ცნობით, დიდმა ბრიტანეთმა სანქციები დაუწესა "ლანცეტის" დრონების მწარმოებელ შპს CST-ს, მაგრამ არა ზახაროვის ოჯახს. მეუღლის – სვეტლანას გარდა, უფროსი ვაჟი ნიკიტა და ქალიშვილი მარია სწორედ დრონების წარმოების ბიზნესში არიან ჩართული. ნიკიტა ზახაროვი ფლობს Aeroscan-ს, ხოლო მარია ზახაროვა – Orion-ს. ორივე კომპანია შპს CST-ის მთავარი მიმწოდებელია.
ჟურნალისტების ცნობით, უკრაინაში რუსეთის შემჭრის შემდეგ, Aeroscan-ის შემოსავალი ათჯერ გაიზარდა და 2022 წელს 3,8 მილიარდი რუბლი შეადგინა, ხოლო Orion-ის – გაორმაგდა და 2022 წელს 400 მილიონი რუბლი შეადგინა.
"ლანცეტის" დრონებს აწარმოებს Zala Aero Group, მისი მთავარი იურიდიული პირი არის CST LLC. კომპანიის 50,85– პროცენტიანი წილის მფლობელი ალექსანდრე ზახაროვია, დარჩენილი წილი კი "კალაშნიკოვის" კონცერნს ეკუთვნის.


