"ვაგნერი" ბელარუსის შეიარაღებული ძალებისგან "მსოფლიოს მეორე არმიის" შექმნას გეგმავს
19/07/2023 16:08:01 მსოფლიო
რუსულ გასამხედროებულ ჯგუფ "ვაგნერთან" დაკავშირებულ ტელეგრამ–არხებზე გამოჩნდა ვიდეოჩანაწერი, რომელიც ასახავს "ვაგნერის" ხელმძღვანელების ევგენი პრიგოჟინისა და დმიტრი უტკინის გამოსვლას მეომრების წინაშე. ვარაუდობენ, რომ ჩანაწერი ბელარუსშია გაკეთებული, თუმცა მისი გადაღების ზუსტი თარიღი დადგენილი არ არის.
ჩანაწერში პრიგოჟინი და უტკინი აცხადებენ, რომ "ვაგნერელები" დროებით ამ ქვეყანაში დარჩებიან, შემდეგ კი აფრიკაში და, შესაძლოა, უკრაინის ფრონტზე დაბრუნდნენ.
მათი თქმით, ამ პერიოდში ისინი ბელარუსის შეიარაღებული ძალებისგან აპირებენ, შექმნან "მსოფლიოს მეორე არმია" და აცხადებენ, რომ რაიმე ტიპის შეიარაღებული კონფლიქტის შემთხვევაში ისინი ბელარუსის ლიდერ ალექსანდრე ლუკაშენკოს მხარეს იბრძოლებენ.
ამასთან, პრიგოჟინმა კიდევ ერთხელ გააკრიტიკა უკრაინაში რუსეთის არმიის ხელმძღვანელობის მოქმედებები.
"ის, რაც ახლა ხდება ფრონტზე, არის სირცხვილი, რომელში მონაწილეობაც საჭირო არ არის", - განაცხადა მან.
ზოგიერთი ანალიტიკოსი "მსოფლიოს მეორე არმიას" რუსეთის არმიას უწოდებდა მოსკოვის მხრიდან უკრაინაში სრულმასშტაბიან შეჭრამდე. უკრაინაში რუსეთის სამხედროების მიერ განცდილი არაერთი მარცხის შემდეგ ამ გამოთქმას ირონიული მნიშვნელობით იყენებდნენ. კერძოდ, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა ახლახან რუსეთის არმიას უწოდა "სიძლიერით მეორე არმია უკრაინაში". თავად პრიგოჟინი "ვაგნერს" "მსოფლიოს პირველ არმიას" უწოდებს.


