პოლონეთში გამოვლენილი აგენტურული ქსელი უკრაინისკენ მიმავალი მატარებლების აფეთქებას გეგმავდა – მედია
19/07/2023 10:44:05 მსოფლიო
პოლონეთში გამოვლენილი რუსი ჯაშუშური ქსელი მათ შორის, დივერსიას გეგმავდა რკინიგზაზე უკრაინისკენ იარაღითა და ჰუმანიტარული დახმარებით მიმავალი მატარებლების წინააღმდეგ,– იუწყება Gazeta Polska წყაროებზე დაყრდნობით.
გამოცემამ შეიტყო, რომ 66– ტომიან საქმეში ასევე არის საუბარი იმაზეც, რომ ჯგუფი მატარებლების აფეთქებას გეგმავდა.
სწორედ ამგვარი თავდასხმების უშუალო განხორციელების რისკმა, სავარაუდოდ, აიძულა პოლონეთის დაზვერვის სამსახურები, დაეწყოთ დაპატიმრებები,– აღნიშნავს გამოცემა.
"სწორედ ამ მიზეზით მოხდა პირველი დაპატიმრებები კონკრეტულ დროს. თავდასხმების რისკი ძალიან მაღალი იყო საიმისოდ, რომ გაგრძელებულიყო ჯგუფის ქმედებების მონიტორინგი", - ამბობს გამოცემასთან საქმის მასალების მცოდნე ანონიმური თანამოსაუბრე.
ჟურნალისტებმა ასევე გაარკვიეს, რომ ჯაშუშური ქსელი 2023 წლის დასაწყისში შეიქმნა.
ჯგუფის წევრები სავარაუდოდ, უშუალოდ იღებდნენ ინსტრუქციებს მოსკოვიდან, ხოლო ანაზღაურებას – ძირითადად კრიპტოვალუტაში.
გამოვლენილი ქსელი ითვლება ყველაზე მასშტაბურად პოლონეთის თანამედროვე ისტორიაში.


