ზელენსკი: უკრაინული მარცვლეულის ნორმალური ექსპორტის გაგრძელებისთვის რუსეთზე ზეწოლა უნდა გაძლიერდეს
19/07/2023 10:17:49 მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინული მარცვლეულის ნორმალური ექსპორტის გაგრძელებისთვის რუსეთზე ზეწოლა უნდა გაძლიერდეს და ამ მიზნით მან ქვეყნის საგარეო უწყებას პარტნიორებთან კონტაქტების აქტივიზაცია დაავალა.
აღნიშნული განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა თავის ტელეგრამ-არხზე გაავრცელა.
მისი თქმით, ოდესის, ჟიტომირის და უკრაინის სხვა ოლქებზე რუსეთის მიერ განხორციელებული დარტყმების შემდეგ სამხედროებს ადამიანებისა და საპორტო ინფრასტრუქტურის დაცვის გაძლიერება დაევალა.
ცნობისთვის: რუსეთი ხორბლის შეთანხმებიდან გავიდა და სახელმწიფოებს, რომლებიც გარიგების მის გარეშე განახლებას გადაწყვეტენ, სამხედრო რისკებით დაემუქრა. "საუბარია ზონაზე, რომელიც საბრძოლო მოქმედებების რაიონის უშუალო სიახლოვეს მდებარეობს და შესაბამისად, იქ უსაფრთხოების გარანტიების გარეშე გარკვეული რისკები იქმნება" - განაცხადა კრემლის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა.
ამის საპასუხოდ კიევი გამოდის ინიციატივით, უკრაინული ხორბალი უფრო უსაფრთხო მარშრუტით გადაიტანონ - ბულგარეთისა და რუმინეთის წყლების გავლით.
"ეს რისკების მინიმიზირებისთვის ერთ-ერთი შესაძლო ვარიანტია. რა თქმა უნა, აქ აუცილებელია საერთაშორისო თანამეგობრობის პასუხისმგებლობა, რათა ერთის მხრივ, უკრაინას ამ სცენარის რეალიზებაში დაეხმაროს, ხოლო მეორეს მხრივ ზეწოლა მოახდინოს რუსეთზე მისი შესაძლო შეტევების პრევენციისთვის"- განმარტა ვასილი ბოდნარმა.
აღსანიშნავია, რომ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი შავი ზღვის დერეფნის გავლით ხორბლის შეთანხმების რეალიზების რუსეთის გარეშე გაგრძელების ინიციატივით ორიოდ დღის წინ გამოვიდა. მან განმარტა, რომ მხარეებს ორი შეთანხმება აქვთ დადებული: ერთი - უკრაინას, თურქეთსა და გაერო-ს შორის ხოლო მეორე - რუსეთს, თურქეთსა და გაერო-ს. უშუალოდ უკრაინასა და რუსეთს შორის რაიმე პირდაპირი შეთანხმებეიბ არ ყოფილა, ამდენად, ზელენსკიმ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს თურქეთისა და გაეროსთვის გარიგების რუსების გარეშე რეალიზების გაგრძელება შესთავაზა.


