სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტი ICC-ს სთხოვს, უფლება მისცეს, არ დააკავოს პუტინი ქვეყანაში ჩასვლის შემდეგ
19/07/2023 09:09:18 მსოფლიო
სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტი სირილ რამაფოსა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) სთხოვს, რომ მისცეს უფლება, არ დააკავოს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი Brics-ის სამიტზე ვიზიტისას. ამის შესახებ ცნობილი პრეზიდენტის მიერ ადგილობრივი სასამართლოსთვის წარდგენილი განცხადებიდან გახდა ცნობილი. დოკუმენტში ნათქვამია, რომ პუტინის დაკავება რუსეთის ფედერაციისთვის პირდაპირი ომის გამოცხადება იქნება.
BRICS-ის სამიტი სამხრეთ აფრიკაში 22 აგვისტოს უნდა დაიწყოს და მასში მონაწილეობას ქვეყნები, მათ შორის რუსეთი, უმაღლეს დონეზე იღებენ. შესაბამისად, შეხვედრაზე ვლადიმერ პუტინიც ჩავა. იმის გამო, რომ სამხრეთ აფრიკა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს რომის სტატუტის წევრი ქვეყანაა, მას ვალდებულება აქვს რომ პუტინი ქვეყანაში ჩასვლისთანავე დააკავოს.
ამის გამო, სამხრეთ აფრიკამ რუსეთს სთხოვა, რომ სამიტზე პუტინის მაგივრად რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი ჩასულიყო, თუმცა რუსულმა მხარემ ამ თხოვნას უარით უპასუხა.
Reuters-ის ცნობით, რამფოსას მიერ სასამართლოში განცხადების წარდგენა მოჰყვა ადგილობრივი ოპოზიციის, დემოკრატიული ალიანსის მოთხოვნას, რომ პუტინი ქვეყნის ტერიტორიაზე შემოსვლისთანავე დაეკავებინათ. პრეზიდენტი განცხადებაში ყურადღებას აქცევს ICC-ის 97-ე მუხლს, რომლის მიხედვითაც, სახელმწიფოებს შეუძლიათ უარი თქვან კონკრეტული პირის დაპატიმრებაზე, თუ რაიმე პრობლემა აქვთ, რაც ხელს უშლის აღნიშნულის აღსრულებას.
"სამხრეთ აფრიკას აშკარა პრობლემები აქვს ვლადიმერ პუტინის დაკავებასა და გადაცემასთან დაკავშირებით. რუსეთმა ნათლად განაცხადა, რომ მისი მოქმედი პრეზიდენტის დაკავება პირდაპირი ომის გამოცხადება იქნებოდა", - წერს პრეზიდენტი განცხადებაში, რომელიც 27 ივნისით თარიღდება და 18 ივლისს გასაჯაროვდა.
შეგახსენებთ, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი მიმდინარე წლის 17 მარტს გასცა. ორდერი რომის სტატუტის მონაწილე ყველა ქვეყანას ავალდებულებს, რომ მათ ქვეყანაში მოხვედრის შემთხვევაში პუტინი დააკავოს.


